18 აგვისტო 2026,   14:33
ვრცლად
გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოში შენარჩუნებული სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოში შენარჩუნებულ სტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

სიტყვით გამოსვლის დროს, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა საქართველოს, როგორც ღია ვაჭრობის ჰაბის ფუნქცია. აქცენტი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებებზე გაკეთდა.

"გაეროს ქარტიის ხელმოწერიდან 80 წლისთავს მზარდი გლობალური გამოწვევების ფონზე აღვნიშნავთ - იქნება ეს გაჭიანურებული კონფლიქტები და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევები, თუ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საფრთხეები, ეკონომიკური უთანასწორობა და კლიმატური კრიზისის შედეგები.

ეს ურთიერთდაკავშირებული შოკები არა მხოლოდ აბათილებს ათწლეულების განმავლობაში განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, არამედ გლობალურ ფინანსურ სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ სისუსტეებსაც ააშკარავებს.

სწორედ ამიტომ, ეს სამიტი გარდამტეხ მომენტად უნდა იქცეს - მან უნდა განამტკიცოს ჩვენი გადაწყვეტილება "მომავლის პაქტის" განხორციელებასთან დაკავშირებით, და უზრუნველყოს სამართლიანი და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი რესურსების, პოლიტიკური ნებისა და თანამშრომლობის მობილიზება.

პატივცემულო კოლეგებო, საქართველო სრულად ერთგულია ამ ხედვის.

რეგიონში არსებული გაურკვევლობისა და გარე შოკების მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.7%-ით გაიზარდა.

ჩვენი ეკონომიკა მდგრადია და ხასიათდება დინამიური ზრდით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი და მშენებლობა, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური და მდგრადი აღდგენის პროცესს.

ჩვენ ვამაყობთ საქართველოს, როგორც ღია ვაჭრობის ჰაბის ფუნქციით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული 16 შეთანხმება საქართველოს უხსნის ევროკავშირის, ჩინეთის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, გაერთიანებული სამეფოსა და დსთ-ის ქვეყნების ბაზრებს, რომლებიც 2.3 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს - ეს კი გლობალური პარტნიორობის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის რეალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

ყველა ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიუხედავად.

ჩვენი საპასუხო ქმედება კვლავაც საერთაშორისო სამართალსა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზეა დაფუძნებული", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

 

დღის ამბები