საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისთვის მიუღებელი, ჩარლზ კუშნერის ღია წერილი და ის განცხადებაა, სადაც საფრანგეთში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ პარიზმა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა. ამის გამო, მაკრონი კუშნერს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დიპლომატის მხრიდან, დიპლომატიური წესების დარღვევა მისთვის მიუღებელია.
ემანუელ მაკრონის ეს განცხადება, საქართველოს ხელისუფლებისთვის ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, არასდროს ჰქონია რეაგირება მისივე ქვეყნის ელჩების მხრიდან, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე, რომლითაც დიპლომატები ვენის კონვენციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევდნენ.
ერთ-ერთი დიპლომატი, ვისზეც სახელისუფლებო გუნდი მიუთითებს, შერაზ გასრია, საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩი, რომელიც ღია მხარდაჭერას უცხადებდა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. სოციალურ ქსელში აზიარებდა ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობებს, ესწრებოდა სასამართლო პროცესებს და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდა, ახმოვანებდა აქციის მონაწილეების მოთხოვნებს და მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლებას.
საფრანგეთის ყოფილი ელჩის განცხადებებსა და ქმედებებს ვენის კონვენციის დარღვევად არ მიიჩნევს ოპოზიცია. ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, უცხო ქვეყნის დიპლომატებმა ღიად უნდა ისაუბრონ.
"რაც მიუღებელია საფრანგეთისთვის, მიუღებელია საქართველოსთვის" - ამბობენ სახელისუფლებო გუნდში და იმედოვნებენ, რომ საფრანგეთის ყოფილი ელჩის შიდა საქმეებში ჩარევის პრაქტიკას, საქართველოში დიპლომატიური მისიით ჩამოსული ახალი ელჩი შეცვლის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ამერიკის ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, CBS-თან ინტერვიუს დროს მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ჩარლზ კუშნერისგან ღია წერილი მიიღო.
დიპლომატი ისრაელელების მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, პარიზს საჭირო ზომები ამ დრომდე არ მიუღია.