რამდენიმე საათში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესია გაიხსნება. გენერალური დებატების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ჯერ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება. გახსნის საზეიმო ღონისძიებას, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დაესწრება საქართველოს პრეზიდენტიც. გენერალური ასამბლეის სესიაზე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლაც.
პარალელურად, გაიმართება მაღალი რანგის შეხვედრებიც, მათ შორის - გაეროს გენმდივანთან. მიხეილ ყაველაშვილი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გაიმართება.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ისაუბრებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებზე.
"მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც მიმართავს მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოებას და გაამახვილებს ყურადღებას იმ წინსვლასა და პროგრესზე, რომელიც საქართველომ განიცადა, განსაკუთრებით გაეროს პრინციპებთან მიმართებაში. ეს პრინციპებია, პირველ რიგში, მშვიდობა და უსაფრთხოება და ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები; ასევე უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა, რომელიც გაეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია; ასევე, არის მოსახლეობის ღირსეული თვითრეალიზაციის შესაძლებლობები.
კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა მინისტრი გამართავენ შეხვედრებს თავიანთ კოლეგებთან," - აცხადებს დავით ბაქრაძე.