19 ივნისი 2026,   08:32
ვრცლად
ევროპის სამყარო, როგორსაც აქამდე ვიცნობდით და გვიყვარდა, დასრულდა - ვიქტორ ორბანი

ევროკავშირი გაკოტრების პირასაა - ყველგან ვალი, მიგრაცია, ძალადობა და წარუმატებელი პოლიტიკაა, - აცხადებს ვიქტორ ორბანი.

უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ დასავლეთი აღარ არის მისაბაძი მაგალითი და განვითარებისთვის არსებობს უკეთესი გზა.

მისივე თქმით, მისი ქვეყანა მტკიცედ დგას, მხარს უჭერს ოჯახურ ღირებულებებს, ბავშვის აღზრდას ტრადიციული ფასეულობებით, თავისუფალია მიგრანტებისგან და სთავაზობს შესაძლებლობებს დასაქმების მსურველებს.

ორბანმა სოციალურ ქსელი გაასაჯაროვა სიტყვით გამოსვლა სპორტის სასახლეში. მან მწვავედ გააკრიტიკა ევროპელი ბიუროკრატები, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი და მისი თანამოაზრეები, რომელთაც ის ევროკავშირის კრახამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

ორბანი ამბობს, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ვალი 120 პროცენტს უახლოვდება, კომუნალური გადასახადები კი ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკაში. "გავბედოთ ჩვენი გზით სიარული", - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა უნგრეთის პრემიერმა.

"ევროკავშირის გემმა ვერ გაუძლო დარტყმებს და გაიბზარა. ლილიპუტის მსგავსი ევროპელი ლიდერების, ბატონი ვებერის და მისი თანამოაზრეების ქმედების შედეგია ევროკავშირის კრახი - ფინანსური ვალები, მიგრანტები, ქუჩის ძალადობა, ომი, მზარდი კომუნალური გადასახადები, ბრიუსელელი ბიუროკრატები, რომლებიც შეშინებული ქათმებივით არიან.

ცუდი სანავიგაციო სისტემის მსგავსად, ისინი მუდმივად ხელახლა გეგმავენ მარშრუტს, მაგრამ ვერასდროს აღწევენ დანიშნულების ადგილს. ჩვენს წინაშეა კონტინენტისა და ევროკავშირის კატასტროფა, რომლის წევრებიც ჩვენც ვართ. გერმანიის კანცლერმა ცოტა ხნის წინ სოციალური სახელმწიფოს დასასრული გამოაცხადა, საფრანგეთის სახელმწიფო ვალი 120 პროცენტს უახლოვდება, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი წერდა, რომ ევროპას უჭირს და ის დანგრევისკენ მიდის... უნგრეთი ჩვენი სამშობლოა, ევროპა ჩვენი სახლია. ჩვენ გვჭირდება ინტელექტუალური და პოლიტიკური სიმამაცე იმისათვის, რომ ვთქვათ: ევროპის სამყარო, როგორსაც აქამდე ვიცნობდით და გვიყვარდა, დასრულდა. დავუჯეროთ საკუთარ თავს, ფაქტებს, გავბედოთ ჩვენი გზით სიარული და გავბედოთ საკუთარი ეკონომიკის აშენება", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

დღის ამბები