ისრაელის შეიარაღებული ძალების ხუთი დივიზია ღაზაში გვიან ღამით შევიდა, სამხედროებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაიკავეს და ტერიტორია საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ზონად გამოაცხადეს.
"ცახალმა" სახმელეთო ოპერაციის დაწყების მიზეზად ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასთან" მიმდინარე ომში ისრაელის მიზნების მიღწევა და ისრაელელი მძევლების დაბრუნება დაასახელა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მედიასთან განმარტავენ, რომ გასულ კვირას ღაზას ტერიტორიაზე 850 ტერორისტულ სამიზნეს დაარტყეს, მათივე შეფასებით, ქალაქში "ჰამასის" 2 000-3 000 მებრძოლი რჩება.
საბრძოლო მოქმედებების გამო ქალაქი უკვე დატოვა ასი ათასობით ადამიანმა, დარჩენილ მოსახლეობას ტერიტორიის სასწრაფო დატოვებისკენ ახლაც მოუწოდებენ.
მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ქალაქში რჩება. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დარტყმებს 37 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულ მოქმედებებს გაეროს სპეციალურმა კომისიამ გენოციდის კვალიფიკაცია მისცა.
გაეროს ექსპერტების ანგარიშს უკვე გაეცნენ ისრაელში, ქვეყნის ხელისუფლება გენოციდის ბრალდებას უარუყოფს და აცხადებს, რომ ის ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის" გავრცელებულ სიცრუეს ეფუძნება.
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის პარალელურად, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მიმდინარეობს, მარკო რუბიო ისრაელის სტუმრობის შემდეგ კატარში გაემგზავრა, სადაც ისრაელს და ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" შორის წარმოებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე