"დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც დევნილთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა რეალურად აქცია საკუთარ პრიორიტეტად" - ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მინისტრის თქმით, დევნილთათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად იქცა.
"გამორჩეულად ემოციური დღეა, დღე აღსავსე ბედნიერებით და დღე აღსავსე სევდით. ყველას გვავსებს სიხარული, როდესაც ვუყურებთ ასეულობით ბედნიერი ოჯახს, ბედნიერს იმით, რომ მათ ამიერიდან ექნებათ საკუთარი სახლი. მაგრამ, ეს არის სევდა ნარევი სიხარული, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ამ ხალხის ნამდვილი სახლი საქართველოს იმ მხარეშია, რომელიც თითოეულ ქართველს ყველაფერზე მეტად ენატრება. ეს არის დღე აღსავსე ოპტიმიზმითაც. დღევანდელი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც დევნილთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, რეალურად აქცია საკუთარ პრიორიტეტად. 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დევნილთა და განსახლების იმჟამინდელი მინისტრის, ბატონი სოზარ სუბარის თაოსნობით და დიდი მეცადინეობით, დევნილთა განსახლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, რეალურად იქცა ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტად,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.