სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ლევან ხაბეიშვილის საჯარო მოწოდებების მიზანი, 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლა, ქვეყანაში რადიკალური სცენარის განვითარება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.
როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც გამოძიება უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებებს ედავება, უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.
ხელისუფლების დამხობისკენ ღია მოწოდებები დანაშაული არ არის თავად "ნაციონალური მოძრაობისთვის", სადაც დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ხელისუფლებაში რევოლუციით მოსული სააკაშვილის პარტია, 4 ოქტომბერს ისევ რევოლუციისთვის ემზადება.
როლების გადანაწილებამდე იყო ლევან ხაბეიშვილის ღია მოწოდებები სოციალურ ქსელსა და სხვადასხვა მედიაში. არქივი მრავლად ინახავს მუქარის შემცველ განცხადებებსაც, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას 4 ოქტომბერს დამხობით ემუქრება.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს მოკავშირეები, ყოფილი "ნაციონალებით" დაკომპლექტებულ "ახალში" ჰყავს. სააკაშვილის პარტიის მსგავსად, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებიც 4 ოქტომბერს, მათთვის გადამწყვეტ თარიღად ასახელებენ.
ასე არ ფიქრობენ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები. გიორგი გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ძალადობრივი და რევოლუციური სცენარები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მოკავშირეები სურვილის მიუხედავად, რევოლუციურ გეგმას, სისრულეში ვერ მოიყვანენ. სახელისუფლებო პარტიაში დღეს მკაფიოდ ითქვა ისიც, რომ ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ექნება.
ლევან ხაბეიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს დააკავა. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საჯარო მოწოდებების მუხლებით აქვს წარდგენილი. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კი, 2 დღის წინ შეეფარდა.