07 აგვისტო 2026,   19:41
ვრცლად
მშვიდობიანი დამხობის გეგმამ და ძალოვნებისთვის 200 000 დოლარის დაპირებამ ლევან ხაბეიშვილი გისოსებამდე მიიყვანა - მისი თანაპარტიელების ლოგიკით კი, "მშვიდობიანი დამხობა" დანაშაულის ნიშნებს არ მოიცავს

მშვიდობიანი დამხობის გეგმამ და ძალოვანებისთვის 200 000 დოლარის დაპირებამ, ლევან ხაბეიშვილი გისოსებამდე მიიყვანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალ მისამართზე - რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, მე-12 ციხეში, მინიმუმ 4, მაქსიმუმ 7 წელს გაატარებს.

ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მურთაზ ზოდელავასთან ერთად ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავა. კადრებში ჩანს, როგორ ართმევს ხელიდან ტელეფონს ლევან ხაბეიშვილს ყოფილი მთავარი პროკურორი. გამოძიებამ ეს ქმედება გამოძიებისთვის ხელის შეშლად შეაფასა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების ლოგიკით, "მშვიდობიანი დამხობა" დანაშაულის ნიშნებს არ მოიცავს, რადგან დამხობას წინ სიტყვა მშვიდობიანი უძღვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ყოფილი თავმჯდომარის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

რამდენიმე ვერსია აქვთ "გირჩში". ერთ-ერთის მიხედვით, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი დაკავება თავად დააორგანიზა.

საჯარო განცხადება თუ დანაშაულს შეიცავს, სტატუსი "პოლიტიკოსი" ინდულგენცია ვერ იქნება - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სოციალურ ქსელშიც განმარტა და "კურიერი P.S."-საც უთხრა, რომ დამხობა, თავისი არსით, არ შეიძლება იყოს მშვიდობიანი, "წყნარი", "ელეგანტური" და რაიმე სხვა. მისი განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში დამხობის ფორმები არ არის გათვალისწინებული და ისჯება ნებისმიერი სახის დამხობისკენ მოწოდება. გორდულაძე აქვეყნებს კანონის მუხლსაც, რომელიც ხაბეიშვილს წარუდგინეს, სადაც წერია, რომ დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება დანაშაულია.

სანამ ხაბეიშვილს და ზოდელავას იზოლატორიდან სასამართლო დარბაზში გადაიყვანდნენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი საქმე გახსნა - დააკავეს უკრაინის მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოში სატვირთო ავტომობილში დამალული ჰექსოგენი - საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება შემოიტანეს. გამოძიებამ არ გამორიცხა, რომ ამ საქმესა და 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმას შორის კავშირია.

მედიაში დეტალები გავრცელდა. "პრაიმტაიმს" წყარომ "ნაციონალური მოძრაობიდან" მიაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანას უკრაინიდან სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე კურირებდა, საქართველოში კი, ყოფილი ხელისუფლების დროს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია.

ის, რომ წყარო "ნაციონალებიდან" არსებობს, ფეისბუქ-პოსტში ანი ნადარეიშვილმა დაადასტურა - ბაჩო ახალაიას მეუღლე "პრაიმტაიმის" წყაროს გამოაშკარავებით დაიმუქრა.

მონაწილეობს თუ არა ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის გეგმის შემუშავებაში, ჰყავს თუ არა პარტიას ჩანერგილები - "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეკითხვებს პასუხობენ.

არსებობს თუ არა ხაბეიშვილის რევოლუციის გეგმასთან ჰექსოგენის საქმის კავშირი, გამოძიება სწავლობს. ექსპერტიზის პროცესშია სხვა საქმე - ბრალდებულ ხაბეიშვილის ტელეფონი. რა ინახება მასში და რატომ ცდილობდა "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მობილური ტელეფონის მოშორებას, ადვოკატებს ვკითხეთ.

არგუმენტებმა ვერ გაჭრა - მოსამართლემ ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა. მურთაზ ზოდელავას კი, 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და თანხის გადახდის შემდეგ ის ციხიდან გათავისუფლდა.

სასამართლო სხდომაზე ხაბეიშვილმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რასაც დარბაზში ტაშით შეხვდნენ - ხმაურის გამო სხდომა დაიხურა. დარბაზიდან გაძევების შემდეგ პაატა ბურჭულაძემ პირობა დადო, რომ ლევან ხაბეიშვილი 5 ოქტომბერს გათავისუფლდება.

რა იქნება 4 ოქტომბერს - სულ სხვა მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდში.

4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის გეგმის მთავარი ინიციატორი, ამ დღის შედეგებს სავარაუდოდ საკნიდან დააკვირდება, მანამდე კი შეფარდებული პატიმრობის გასაჩივრების უფლებით ისარგებლებს.

დღის ამბები