ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის პარალელურად, ქვეყანაში სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნაც იზრდება. ეს ფაქტი ახალი ფონდის დაარსების მოტივაცია გახდა.
"სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა" - ასე ჰქვია ახლად დაარსებულ ფონდს, რომელმაც სპორტსმენები, ბიზნესმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკვე გააერთიანა.
ფონდი იქნება გამჭვირვალე და ნებისმიერ მსურველს შეეძლება გახდეს დონორი. ახალი პლატფორმის შემქმნელები სამომავლო გეგმებზე უკვე დეტალურად საუბრობენ. მთავარი პრიორიტეტი სპორტსმენებისა და მომავალი თაობისთვის თანამედროვე და უსაფრთხო სივრცეების შექმნაა.
ქართველი სპორტსმენების გამარჯვებები და წარმატებული შედეგები სხვადასხვა სახეობაში - ახალი ფონდის დაარსების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია გახდა.
ფონდის ვებგვერდი უკვე მუშაობს. ნებისმიერ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.
მსურველებს შორის უკვე არიან ბიზნესმენები, რომელთათვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტია.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, ფონდი ფინანსურ დახმარებას საგანმანათლებლო პროგრამებსაც გაუწევს.