პირველი ქართული მინერალური წყლის - "ბორჯომის" - 135 წლის იუბილეზე აშენებული უმაღლესი სტანდარტის ახალი ქარხანა ყვიბისში თითქმის ორი წლის განმავლობაში შენდებოდა. ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონ ბოთლს შეადგენს წელიწადში, 2030 წლისთვის კი ერთ მილიარდს მიაღწევს. ქარხანა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა.
48 ათას კვადრატულ მეტრზე აშენებულ საწარმოში 600-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ქარხანა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის უდიდესი სტიმულის მომცემია.
"ბორჯომის" ახალ ქარხანაში დამონტაჟდა 4 ახალი მაღალტექნოლოგიური ხაზი და წყლის ჩამოსხმის ინფრასტრუქტურა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. საწარმოს ინოვაციური პროდუქტების წარმოებაც დაემატა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი ქარხნის გარდა ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესიც დაათვალიერა. პარკის სრულ განახლებასთან ერთად დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 35 მილიონი ლარია.
პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ბორჯომის ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯიც მოინახულა. მოსწავლეები პროფესიულ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებენ. იგეგმება საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობაც.
ეს არის აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს. ტაძრის რეაბილიტაციისთვის ფონდმა "ქართუმ" საორიენტაციოდ 12 მილიონი ლარი გამოყო.
ბორჯომის შემდეგ მთავრობის მეთაური ახალციხეში გადაინაცვლა, სადაც ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. ახალი შენობა აერთიანებს საცურაო აუზებს, სხვადასხვა სპორტის სახეობის დარბაზებს და სხვა ინფრასტრუქტურას. იგეგმება სტადიონის რეაბილიტაციაც.
მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტს ესტუმრა და ბორჯომსა და ახალციხეში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ავტორი: სიმონ შანავა