თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალ სიტყვები წარმოთქვეს, მანამდე კი პროკურორმა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა, მათ შორის, ლევან ჯანგველაძის გვამზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. თავად გელა უძილაური დუმილის უფლებას იყენებს. მკვლელობა 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
ადვოკატი, გიორგი გამხიტაშვილი წარდგენილ ბრალდებას აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ ის შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
"უშუალოდ წარდგენილი ბრალდება ჩვენი პოზიციით არის აბსურდი. წარდგენილი ბრალდება შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება. საქმეში არ არის არანაირი სახის მტკიცებულება, რითაც დადასტურდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ შეკვეთილი მკვლელობის ჩადენის ფაქტი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას, შესაბამისად, დეტალებთან დაკავშირებით ვერ გაგესაუბრებით," - ამბობს ადვოკატი.
შეფასება გააკეთა ბრალდების მხარემაც. პროკურორი, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მოლოდინია, რომ საქმეზე გელა უძილაურის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
"ავითარებენ ისეთ მსჯელობას, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან. ბრალდების მხარემ, ასევე გარკვეულწილად მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევას აპირებს სასამართლოში და ამ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქმეზე დადგება გელა უძილაურის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, ვითარებიდან, ხერხიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მას განესაზღვრება უვადო თავისუფლების აღკვეთა," - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.