20 აგვისტო 2026,   11:17
ვრცლად
ქედა, ხულო, შუახევი - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები მაღალმთიან აჭარაში და მომდევნო 4 წლის გეგმები მუნიციპალიტეტების გასავითარებლად

ვახტანგ ბერიძე ხულოს მუნიციპალიტეტს 6 წლის გაუვალობაში ხელმძღვანელობდა. ბოლო ერთი წელია, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. მმართველმა გუნდმა ის მერობის კანდიდატად წარადგინა და 4 ოქტომბერს ადგილობრივების ნდობის გამოცხადებას ისევ ელოდება.

მერობის კანდიდატი ადგილობრივებს ყოველდღე ხვდება, ეცნობა მათ პრობლემებს. მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. დაბა ხულოში ვახტანგ ბერიძემ სპორტკომპლექსის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

შუახევის მოქმედი მერი ომარ ტაკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ვადით აპირებს ბრძოლას. მოქმედი მერი იმ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომელიც ადგილობრივების წინაშე აქვს. გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფრო განვითარებას გეგმავს.

ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, 2 ახალი საბავშვო ბაღი, რეაბილიტირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობა, სპორტული მოედნები - ეს იმ პროექტების ნაწილია, რომელიც, ომარ ტაკიძის მერობის პერიოდში, დაბაში განხორციელდა.

საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მამუკა თურმანიძე პირველად, ქედის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები კარგად იცის. ადგილობრივებთან ყოველდღიურად მართავს შეხვედრებს. მამუკა თურმანიძისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი მუნიციპალურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობაა.

ქედის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების სამუშაოები. 2026 წლის ბოლოსთვის დასრულდება ინტერნეტიზაციაც. მამუკა თურმანიძე მთავარ გამოწვევად ეკომიგრაციას ასახელებს. მერობის კანდიდატმა ერთ-ერთი ოჯახი მოინახულა და სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ისაუბრა ეკომიგრანტების მიმართ გადადგმულ ნაბიჯებზე.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები 64-ვე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან.



ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები