დავით სონღულაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო. გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში მინისტრთან გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
6 სექტემბრის მონაცემებით, ღვინის საწარმოებმა 12 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავეს. ამ ეტაპზე აქტიური რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
"განსაკუთრებული აქცენტები კეთდება რა თქმა უნდა, ყურძნის ხარისხთან მიმართებით. როგორც წლის დასაწყისიდან აღვნიშნავდით, ყურადღება ექცევა და დიფერენცირება ხდება მაღალკონდიციურ და არაკონდიციურ ყურძენთან მიმართებით. როდესაც ქართულ ღვინოს აქვს თავისი უნიკალურობა და ვართ ღვინის სამშობლო, ცალსახად ამბიცია უნდა გვქონდეს იმისა, რომ გვქონდეს ერთ-ერთი გამორჩეული ხარისხიანი ღვინო," - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი.