დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს დღეს ბრალს წაუყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი კაპანაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, სოფელ გალავანში მდებარე, 2 ჰექტარი ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ, რწმუნებულის მოადგილემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 400 000 დოლარი მოსთხოვა.
უცხო ქვეყნის მოქალაქემ, მას, თანხის ნაწილი, 80 000 დოლარი წინასწარ გადასცა. უწყებამ გაავრცელა ფარული ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, რომ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი კაპანაძე უცხო პირს დიდი ოდენობის ქრთამს ართმევს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში კაპანაძეს 11-იდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.