16 აგვისტო 2026,   10:36
ვრცლად
გვქონდა შეკითხვები - რატომ ხდებოდა, რომ გარკვეული პოსტებით, ფინანსური წახალისებით, ჯარიმების გადახდით, მოწოდებებით, პიროტექნიკის მომარაგებით, ადგილი ჰქონდა სამართალდამრღვევ პირთა წახალისებას - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით " საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა. დღესვე პროკურორების შეკითხვებისთვის, "სოციალური სამართლიანობის" ცენტრის დირექტორს - თამთა მიქელაძეს უნდა ეპასუხა, თუმცა სხდომა გადაიდო.

მესამე სექტორის ფინანსების მიზნობრიობა და სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადებები - პროკურორის თქმით, შეკითხვების ძირითადი ნაწილი იმ ხარჯებს შეეხებოდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გასულ წელს საპროტესტო აქციებისთვის აირწინაღების, სათვალეების, რესპირატორების, წიწაკის სპრეის და სხვა საშუალებების შეძენისთვის დახარჯეს.

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმის ფარგლებში, უკვე გამოიკითხნენ ISFED-ის ყოფილი და IDFI-ის მოქმედი ხელმძღვანელები.

პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციის 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა.

პროკურორის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, კითხვები საპროტესტო აქციების მიმდინარეობას შეეხებოდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აქციების პერიოდში, აქციის მონაწილეთა გარკვეული რაოდენობა გასცდა მშვიდობიანი მოთხოვნის ფარგლებს და ადგილი ჰქონდა რბევას, ძალადობას, პიროტექნიკის გამოყენებით პარლამენტის შენობის დაზიანებას, სამართალდამცავთან ავტომობილების დაზიანებას. დაზარალებული არის 100-მდე პოლიციელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა შეკითხვები - რატომ ხდებოდა, რომ გარკვეული პოსტებით, ფინანსური წახალისებით, ჯარიმების გადახდით, მოწოდებებით, პიროტექნიკის მომარაგებით, ადგილი ჰქონდა ამ სამართალდამრღვევ პირთა წახალისებას და რაიმე მონაწილეობა ჰქონდა თუ არა მიღებული აქციის ორგანიზებაში, ან დაფინანსების წყაროების მოძიებაში თავად ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

მოწმის ჩვენებით, მას მსგავს ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და ის რაიმე შემხებლობაში, აქციის ორგანიზებასთან არ ყოფილა. ასევე, მან უარყო ის ფაქტი, რომ პარლამენტის შენობის დაზიანებას, რბევას, ან სამართალდამცავთა მიმართ რაიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი, ან პირადად შეესწრო ის", - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

დღის ამბები