საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილის ადრესატი დონალდ ტრამპია. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ურთიერთობების გადატვირთვა მიხეილ ყაველაშვილის წერილის მთავარი გზავნილია. საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საკვანძო კითხვას სვამს. მაგალითად: როდესაც ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს, შორის ღირებულებით თანხვედრაზეა საუბარი, რატომ არ გამოხატავს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით სათანადო ყურადღებას, რატომ აქტიურობს კვლავ "დიფ სთეითი", რომელიც მიხეილ ყაველაშვილის შეფასებითვე სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანას ცდილობდა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, თუმცა აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ეს კავშირი ორმხრივი უნდა იყოს. სტრატეგიული ურთიერთობის გადასატვირთად "ქართული ოცნება" მზადაა, მაგრამ პრინციპული პოზიცია ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ კითხვის ნიშნის ქვეშ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები დადგება.
მმართველი პარტიის არგუმენტები ოპოზიციისთვის მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მთავარია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის კავშირები ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს.
საქართველოს პრეზიდენტის წერილის შინაარს სრულად იზიარებენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან ურთიერთობების შეჩერებას კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ახლა კი ლოგიკურ კითხვებს პასუხები სჭირდება.
მიხეილ ყაველაშვილი ვრცელ წერილში რამდენიმე მიმართულებით არსებულ უსამართლო დამოკიდებულებაზეც საუბრობს. წერს, რომ იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და ვლადიმერ პუტინთანაც კი, შტატების ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.
საქართველოს პრეზიდენტი ღია წერილის ბოლოს იმედს გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მიხეილ ყაველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს ქვეყანას გაცხადებული მიზნის მიღწევაში, რომ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს.