ზაპორიჟიე, დნიპროპტროვსკი, ხერსონი, ოდესა - უკრაინის ქალაქებში და დასახლებებში მეხანძრე-მაშველები და ექიმები ღამით განხორციელებული მასირებული თავდასხმის შედეგებთან გამკლავებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ.
რუსეთმა ქვეყნის 14 რეგიონი 500-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით და 37 ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. არის მსხვერპლი, დაშავებულია ათობით მოქალაქე, განადგურებულია კორპუსები და კერძო სახლები. ამ დრომდე, ათობით ათას ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
თავდასხმას ეხმაურება ოფიციალური კიევი და მოკავშირეებს, ომის დასრულებისთვის, რუსეთზე კოორდინირებული ზეწოლის განხორციელებისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კრემლი, პრეზიდენტების დონეზე სამშვიდობო მოლაპარაკებების მზადების ნაცვლად, ახლა ყოველდღიურად, უკრაინაზე მასირებულ შეტევებს განაგრძობს.
ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ლიდერების დონეზე ამერიკას, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ტრამპი ამბობს, რომ, მშვიდობის დამყარების პროცესში, ვაშინგტონი მზადაა, კიევს უსაფრთხოების გარანტიების საკითხში დაეხმაროს.
მშვიდობის დამყარების ქმედით ინსტრუმენტად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მიიჩნევენ. საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კოპენჰაგენში, არაფორმალურ შეხვედრაზე იმსჯელეს. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სამომავლო პაკეტის ძირითადი მიმართულებები დაასახელა.
სანქციების პაკეტის მზადების პარალელურად, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე საპასუხოდ, ევროკავშირი ბლოკის გადაიარაღების პროგრამაზე მუშაობს. დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი პოლონეთში, ბელორუსის საზღვარზე ჩავიდა და, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით მოწყობილი საფორტიფიკაციო ინფრასტრუქტურა მოინახულა.
ევროპელი ლიდერების სამშვიდობო ძალისხმევას ეხმაურება ოფიციალური მოსკოვი. კრემლის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების ქმედებები ეწინააღმდეგება პუტინისა და ტრამპის მიდგომას. პესკოვი ამბობს, რომ ევროპელები უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანას ხელს უშლიან.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე