21 აგვისტო 2026,   06:31
ვრცლად
ევროკავშირი "ენჯეოების" ანგარიშების დაყადაღებას ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგ თავდასხმად აფასებს - მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტებსა და დესტრუქციის მცდელობებზე საუბრობენ

ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა - ასე აფასებს ევროკავშირის პრესსპიკერი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები, ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისთვის დაყადაღდა. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მთავარი პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

ევროკავშირის მხრიდან ორმაგი სტანდარტის არსებობაზე მიუთითებენ მმართველი გუნდის წევრები და ამბობენ, რომ უცხოურ, მათ შორის, ევროკავშირიდან საქართველოში შემოსულ ფინანსებს, არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყენებდა.

ბრალდება სამოქალაქო სექტორს საბოტაჟს, უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ფინანსების მობილიზებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თანხას ისეთი აღჭურვილობის შესაძენად იყენებდნენ, როგორიცაა სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, - რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს. პროკურატურის ბრალდებაში მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესს ხედავენ ოპოზიციაში.

გამოძიება სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან, ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ მფარველობაზეც აკეთებს აქცენტს. კონკრეტულად კი, საგამოძიებო უწყების ცნობით, ახლა უკვე დაყადაღებული ორგანიზაციების ფინანსებით, ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან გაკეთებული განცხადება მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლა და ქვეყნის შიდა საქმიანობაში ჩარევის მცდელობაა.

პროკურატურის შუამდგომლობა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 აგვისტოს დააკმაყოფილა.

დღის ამბები