20 აგვისტო 2026,   04:55
ვრცლად
"ჩვენი თვალით ვუყურებდით ქალაქის მთავარ გამზირზე უცხოური ძალების დავალებით როგორ ხორციელდებოდა არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობა" - ვატო შაქარიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებზე ყადაღის დადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა და, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია დასრულდეს იმ შედეგით, რომ ქვეყანაში აგენტურული საქმიანობა აღარ იყოს.

"ჩვენი თვალით ვუყურებდით ქალაქის მთავარ გამზირზე, უცხოური ძალების დავალებით, დაფინანსებით და ორგანიზებით, ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურული ქსელის მეშვეობით, როგორ ხორციელდებოდა არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სათავემდე მივიდეთ, ხომ არ არის დაფარული, ვინ დგას ამის უკან? - ეს არის ევროკავშირი, ევროპული ფონდები, რომლებიც დემოკრატიის განვითარების თუ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საფარქვეშ, ქვეყანაში მათი სახელით შემოდიოდა უკონტროლო ფული, რომელიც ხმარდებოდა დესტაბილიზაციას, არჩეული ხელისუფლების დამხობას და ქვეყანაში კვლავ აგენტების ხელისუფლებაში მოყვანას.

დღევანდელი გადაწყვეტილება არის პრევენციული ხასიათის, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და უნდა დასრულდეს საბოლოო შედეგით, რაც უნდა იყოს აგენტურული ქსელის განდევნა და მათი საქმიანობის აკრძალვა," - აღნიშნა საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაედო. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ითვალისწინებს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წელს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კი ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით.

დღის ამბები