შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებზე ყადაღის დადებას, ოპოზიციაში ეხმაურებიან. "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის შეფასებით, მსგავსი ქმედებები არის ნათელი მაგალითი იმისა, რაც ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას ართმევს.
"პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაიწყო ზუსტად იმ რეპრესიული ზომების გატარება, რასთან დაკავშირებითაც გუშინ გააფრთხილეს, რომ არ მომხდარიყო მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის იმის ნათელი დასტური, რომ გვართმევს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას," - აღნიშნა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაედო. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ითვალისწინებს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წელს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კი ხდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით.