შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი - მე-5 დღეა, მსოფლიო პასუხს ელოდება. დაპირისპირებული ქვეყნების პრეზიდენტებს თავისი პირობები აქვთ. უკრაინა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს. კრემლი კი ძირითად აქცენტს მოლაპარაკებისთვის კარგად და საფუძვლიანად მომზადებაზე აკეთებს.
ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტი ისევ ამტკიცებს, რომ ომი მას არ დაუწყია.
უკრაინის სუვერენიტეტის გადარჩენას ცდილობს ვოლოდიმირ ზელენსკიც. ამბობს, რომ ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის განცხადებებით უკმაყოფილოა მთავარი მომლაპარაკებელი. დონალდ ტრამპმა დაპირისპირებული ქვეყნების პრეზიდენტებს 2 კვირიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი სანქციებით და მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლით იმუქრება.
ტრამპი გაბრაზებულია, თუმცა კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად, უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი მაინც გაგზავნა. კიტ კელოგი ომში მყოფ ქვეყანაში ხვალ ჩავა. თავად დონალდ ტრამპი კი რუს კოლეგას საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე შტატებში ელოდება.
სანამ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ცდილობს, მსოფლიოს ლიდერები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მსჯელობენ. მედიის ინფორმაციით, 10-მდე მსურველ ქვეყანას ჩინეთიც შეუერთდა და ტოკიომაც გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში. სხვა პოზიცია აქვს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებაზე საუბარი ნაადრევია.