20 აგვისტო 2026,   04:54
ვრცლად
მცხეთა, დუშეთი და თიანეთი - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ

მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმა უკვე მის სამუშაო მაგიდაზეა. დუშეთში საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მერობისთვის ემზადება. კახაბერ ჩიტაური ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის საჭიროებებს კარგად იცნობს. გეგმაც გაწერილია - პირველ ეტაპზე ის 270-ზე მეტ სოფელში წყლის, გაზიფიცირების და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემის მოგვარებას აპირებს.

სამუშაო თათბირის დასრულების შემდეგ მოსახლეობას ხვდება. ჰპირდება. რომ არსებულ გამოწვევებს მომავალში საერთო ძალისხმევით დაძლევენ. დუშეთის მაცხოვრებლები მერობის კანდიდატს კარგად იცნობენ.

კახაბერ ჩიტაურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით მთავარ წარმატებად ახლად აშენებულ სპორტკომპლექსს ასახელებს. სამსართულიანი შენობა სავარჯიშო სივრცეებთან ერთად კალათბურთის, ფრენბურთისა და ჭიდაობის დარბაზებს აერთიანებს. პროექტისთვის, ჯამში, 7 მლნ ლარამდეა დახარჯული.

წინასაარჩევნო სამზადისშია მცხეთა. ისტორიული ქალაქის მერობისთვის გოგი აბუაშვილი ემზადება. კანდიდატს მერიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროფესიით არქიტექტორია. სწორედ ამიტომ, მისი სამომავლო გეგმის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიცავს.

მცხეთელები კანდიდატს კარგად იცნობენ. იციან ის გეგმებიც, რომლის განხორციელებასაც არჩევის შემთხვევაში აპირებს. მიზანი, ახალთან ერთად უკვე დაწყებული პროექტების გაგრძელებაა. განსაკუთრებულ აქცენტს წეროვანში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაზე აკეთებს.

მოსახლეობას სამომავლო გეგმებს აცნობს თიანეთის მერობის კანდიდატიც. ლევან წიკლაური მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია და მის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებს თავად ადგილობრივები აფასებენ. მოლოდინი აქვთ, რომ მომდევნო წლის გეგმაც რეგიონის მეტად განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

გასული ოთხი წლის მანძილზე შეიქმნა არაერთი რეკრეაციული სივრცე, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ამ კუთხით არანაკლებ დატვირთული იქნება მომდევნო პერიოდიც.

"ქართულმა ოცნებამ" მერობის 63 კანდიდატი წარადგინა.

თითოეული მათგანი 4 ოქტომბერს საკუთარ მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

დღის ამბები