20 აგვისტო 2026,   04:52
ვრცლად
"აღიარეს, რომ თურმე, ბატონი გვარამიას შეწყალების პროცესში მათ ლომის წილი მიუძღვით... ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება, კონკრეტული თანხა ჰქონოდა აღებული ქალბატონ ზურაბიშვილს ამ ყველაფერში" - ლევან მაჭავარიანი "მაკკეინის ინსტიტუტის" განცხადებაზე

"სამარცხვინოა, რომ ქალბატონი ამაღლობელი მოხსენიებული ჰყავთ მაგალითად, პალესტინაში ისრაელის მძევლების გვერდით და ა.შ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა ჩაიდინა ქალბატონმა ამაღლობელმა, არსებობს ამისი ვიდეომტკიცებულება. ევროპის წამყვან ქვეყნებში [მსგავსი დანაშაულისთვის] სასჯელი იქნებოდა გაცილებით მკაცრი, ვიდრე ეს იყო საქართველოში," - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, "მაკკეინის ინსტიტუტის" განცხადებაზე საუბრისას, სადაც ნიკა გვარამია და მზია ამაღლობელიც არის ნახსენები.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს ამაში ფული ჰქონდეს აღებული.

"მაკკეინის ინსტიტუტთან" დაკავშირებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უშუალოდ მათი დირექტორმა, რომელიც ინტერვიუს აძლევდა, თუ არ ვცდები, "რადიო თავისუფლებას", დაუფარავად თქვა, რომ კი, საქართველო უნდა ჩართულიყო საომარ ესკალაციაში რუსეთთან და მერე რა, - რამდენიმე ათასი ქართველი დაიღუპებოდა ამით. ასევე, ნუ დაგვავიწყდება ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, რომელმაც 2024 წლის არჩევნებამდე პირდაპირ გაიდლაინი გადასცა რადიკალურ ოპოზიციას, სადაც პირდაპირ იყო გაწერილი, რომ როდესაც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა დიდი ანგარიშით, ამის მიუხედავად თუ როგორ უნდა მოეხდინათ საპროტესტო მუხტის აწევა და ამ მუხტის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადატანა. ნუ დაგვავიწყდება ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებაც, რომ დიდი იმედგაცრუება იყოს მისთვის, რომ მსხვერპლი ვერ იხილა ნოემბრის აქციებზე.

ეს არის ის ინსტიტუტი, რომლის სტიპენდიატიც გახლავთ ქალბატონი ზურაბიშვილი და იღებს მათგან დაფინანსებას. პირდაპირ აღიარეს, რომ თურმე, ბატონი გვარამიას შეწყალების პროცესში მათ ლომის წილი მიუძღვით, იყვნენ აქტიურად ჩართულები, 6 თუ 7 თვის განმავლობაში დაუღალავად უშრომიათ, არადა შეწყალებისას ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს პოლარიზაციის დასრულებას ემსახურებოდა მაშინ, როდესაც მან შეიწყალა ყველაზე რადიკალური პიროვნება რადიკალური ოპოზიციის ფარგლებში. აქაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება, კონკრეტული თანხა ჰქონოდა აღებული ქალბატონ ზურაბიშვილს ამ ყველაფერში," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები