საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა - ევროკომისია აქვეყნებს "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ინდექსს, რომელიც "ფრიდომ ჰაუსის" 2025 წლის ანგარიშს ეყრდნობა. ამ შეფასებით, სასამართლო ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ოთხ ქვეყანას. სხვა კანდიდატი ქვეყნები - მოლდოვა და უკრაინა, რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ევროპის ბოლო ოთხეულშია.
ასევე, ევროკომისიამ გამოაქვეყნა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდექსი. ანგარიშები უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია, დღეს თემაზე კომენტარები გააკეთეს მოსამართლეებმაც.
"არ მაქვს ინფორმაცია რა კვლევაზე საუბრობთ, გავეცნობი და ამის შემდეგ შევძლებ, რომ კომენტარი გავაკეთო. დრო მჭირდება, გავეცნობი", - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, სასამართლოს ეფექტიანობა გულისხმობს, ქვეყანაში სასამართლოს დაქვემდებარებული საქმეების სწრაფად განხილვას სათანადო კომპეტენციით, რაც მისივე თქმით, საქართველოს მოსამართლეების არაადამიანურ შრომაზე მეტყველებს.
"სასამართლოს ეფექტიანობა გულისხმობს იმას, რომ სასამართლო მისდამი დაქვემდებარებულ საქმეებს იხილავს მაქსიმალურად სწრაფად და სათანადო კომპეტენციით. ეს სიტუაცია ობიექტურად ასახულია კვლევაში, დოკუმენტურად არის დადასტურებული პროგრესი სასამართლო სისტემის, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4 სახელმწიფოზე უფრო კარგი მაჩვენებელი აქვს საქართველოს სასამართლოს. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - საქართველოს მოსამართლეები არაადამიანური შრომის, მათი კეთილსინდისიერების მაღალი დონის და კომპეტენციის ხარჯზე მოიპოვებენ ნდობას მოსახლეობაშიც და სასამართლო სერვისის მიმღებში.
ეს დადებითი შედეგები მიღწეული არის იმ არაადამიანური და ორკესტრირებული ცილისმწამებლური კამპანიის ფონზე, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოს სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ მიმდინარეობს. ამ კამპანიაში, სამწუხაროდ ჩართული არის ბევრი ძალა ჩვენი უცხოელი პარტნიორების წარმომადგენლების ჩათვლით, იქნებიან ეს ელჩები თუ სხვა სუბიექტები, შიდა პოლიტიკური ძალები, გარკვეული ენჯეო სექტორი, სამწუხაროდ პოლიტიზებული და ტენდენციური. ამ ყველაფრის ფონზე სასამართლო სისტემამ, ჩემმა კოლეგებმა მოსამართლეებმა დადეს ეს შედეგი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი.