21 აგვისტო 2026,   09:47
ვრცლად
ლევან ნატროშვილი ჯონ დიპიროზე: არ მგონია, რომ სიტყვის თავისუფლება ამ ადამიანს უნდა შევუზღუდოთ თუ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოთქვამს

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ნატროშვილი, გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

მისი თქმით, ცალკეულ ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ სიტყვის თავისუფლება და მოსაზრების გამოხატვა კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"სამწუხაროდ, იმ პროცესების გამო, რაც აშშ-ში საგარეო დახმარების კუთხით განვითარდა ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, IRI ვეღარ ფუნქციონირებს საქართველოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცალკეული ადამიანები, ამ ქვეყნის მეგობრები თავისუფლად შეიძლება მოღვაწეობდნენ, ლექციებს ატარებდნენ და საუბრობდნენ. არ მგონია, რომ გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ამ ადამიანს უნდა შევუზღუდოთ, თუ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოთქვამს", - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ორგანიზაცია IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ მოამზადა. ის საქართველოში 14 აგვისტოდან იმყოფება.

აღნიშნული გეგმის თანახმად, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს პირველ სექტემბრამდე, საქართველოში საპროტესტო მუხტი უნდა გაღვივდეს. გეგმაშია 13 სექტემბერს აქციის ჩატარება, რის შემდეგად დაგეგმილია ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლების შტატებში გამგზავრება, სავარაუდოდ, სწორედ IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორთან შესახვედრად.

დღის ამბები