ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი ფარზანე სადეღი, ორშაბათს, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა, რათა სატრანზიტო კავშირებისა და ლოჯისტიკის განვითარების გზები განეხილათ. ამის შესახებ ინფორმაციას Mehr News Agency-ი ავრცელებს.
სადეღმა ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ-სამხრეთის და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნების განვითარების მნიშვნელობას და მოუწოდა სომხეთს საგზაო, სარკინიგზო და ლოჯისტიკის ქსელების გაუმჯობესებისკენ ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.
მან მიუთითა ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო ტარიფებში 330 დოლარის სხვაობაზე და მოუწოდა სისტემის გადახედვისკენ, რადგან მისი თქმით, ახალი მარშრუტები გეოპოლიტიკურ ცვლილებებს თავს უნდა არიდებდეს.
ირანის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჯოლფა-ერევანი-საქართველოს რკინიგზის ხაზის ხელახლა გახსნას, როგორც რეგიონული ტრანზიტისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ამასთან, მან, ირანის პრეზიდენტის სომხეთში ბოლოდროინდელ ვიზიტს, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თეირან-ერევნის კავშირების გამყარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
ხუდატიანმა შეაქო ირანის მხარდაჭერა, განსაკუთრებით 2024 წლის მიწისძვრის დროს და შეაქო ირანელი კონტრაქტორები, სომხეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობისთვის. მან აღიარა დავა ირანული სატვირთო მანქანების სატრანზიტო ტარიფებთან დაკავშირებით და საკითხის შესასწავლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა.
სომხურმა მხარემ, ასევე დაადასტურა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ახალი მონაკვეთის საკითხზე ტენდერის ჩატარების გეგმები.
მედიის ცნობით, დისკუსიები ზანგეზურის დერეფნის ირგვლივ არსებული ტერიტორიული კამათის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკას მის ანკლავ ნახიჩევანთან აკავშირებს. ყარაბაღის მეორე ომისა და სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, სომხეთისგან მოსალოდნელი იყო, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის მისი ტერიტორიის გავლით უსაფრთხო წვდომას უზრუნველყოფდა.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ერევანი ამ მარშრუტს მის კონტროლს დაქვემდებარებულ გასასვლელად მიიჩნევს, ბაქო მოითხოვს კორიდორს, სადაც მინიმალური სასაზღვრო შემოწმებები და სუვერენული შეზღუდვები იქნება.
გამოცემის ცნობით, ირანი მუდმივად პოზიციონირებს, როგორც საიმედო სატრანზიტო ვარიანტი აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის, ინარჩუნებს ბილე-სავარისა და ჯოლფას მარშრუტებს ისეთი კრიზისების დროსაც კი, როგორიცაა COVID-19 პანდემია. თეირანის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს, რომ სხვა ინიციატივების მიუხედავად, ირანის მარშრუტი აზერბაიჯანისთვის ნახიჩევანამდე ყველაზე უსაფრთხო და ეკონომიური მარშრუტია.
რამდენიმე კვირის წინ, ირანის ტრანსპორტის სფეროს მაღალჩინოსანმა, ამინ ტარაფმა კიდევ ერთხელ გაიმეორა - მიუხედავად იმისა, რომ ზანგეზურის დერეფნის საკითხი გადაუჭრელი რჩება, ირანი ყოველთვის უზრუნველყოფდა აზერბაიჯანული სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ წვდომას.
მან აღნიშნა, რომ სომხეთმა ალტერნატიული პროექტი "მსოფლიოს გზაჯვარედინი" შესთავაზათ, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მარშრუტებს დააკავშირებს, თუმცა გააფრთხილა ისინი, რომ გეოპოლიტიკური საზღვრების შეცვლის ნებისმიერმა მცდელობამ, შესაძლოა რეგიონული მგრძნობელობა გაამწვავოს.
ირანი ამტკიცებს, რომ ზანგეზურის მარშრუტის არსებობის მიუხედავად, მისი ტერიტორია აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში ტრანზიტისთვის ყველაზე საიმედო დერეფნად დარჩება.