ვანის მერიაში ახალი კვირა ტრადიციული თათბირით იწყება. მერი სოფლის რწმუნებულებთან ერთად იმ გეგმაზე მსჯელობს, რომელიც თვის ბოლომდე უნდა შესრულდეს. უკვე რვა წელია ალექსანდრე გოგორიშვილი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის მას ნდობა "ქართულმა ოცნებამ" უკვე მესამედ გამოუცხადა.
ამ თავდაჯერებულობას 8 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები აძლევს. მისი ხელმძღვანელობით 7 სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, 9 კი გარემონტდა, აშენდა 5 ახალი ბაღი, 8-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ათეულობით სპორტული მოედანი მოეწყო.
მის მთავარ პროექტად გივი ყიფიანის სახელობის ტყეპარკის სრულ აღდგენასა და რეაბილიტაციას მიიჩნევს. როგორც თავად ამბობს, ტურიზმის ცენტრისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მოწყობასთან ერთად, ვანში ტყეპარკის არსებობა მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს ზრდის. ალექსანდრე გოგორიშვილმა "კურიერს" ტყეპარკის ტერიტორიაზე აღდგენილი ისტორიული ციხესიმაგრეც დაათვალიერებინა.
ალექსანდრე გოგორიშვილს კიდევ ბევრი პროექტი აქვს, რომლის განხორციელებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში აპირებს. გეგმავს სპირტის სასახლის აშენებასა და ვანის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს ამბიცია აქვს, რომ მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში ისტორიულ, საუკუნის პროექტს განახორციელებს.
"კურიერი" ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა, ვანის მცხოვრებლებმა მერის შესრულებული საქმიანობა შეაფასეს.
მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვს იმერეთის კიდევ ერთი რაიონის მერობის კანდიდატს.
"ქართულმა ოცნებამ" ხონში ადგილობრივებისთვის კარგადა ნაცნობი, მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი ლადო ჯურხაძე დაასახელა.
უკვე 8 წელია ლადო ჯურხაძე ხონის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს. მისი მერობის პერიოდში განხორციელდა 100-მდე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი. 8 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გარემონტდა 2 საბავშვო ბაღი, 1 კი აშენდა. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ 2 ამბულატორიულ შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ხონში ასევე გაშენდა 4 ახალი რეკრეაციული სივრცე, სოფლებში კი 34 მცირე ზომის სკვერი მოეწყო.
მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის განმავლობაში ბევრი პროექტის განხორციელება შეძლო, მიიჩნევს, რომ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. იცნობს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს, ადგილობრივების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
კიდევ ერთი გამოცდილი მუნიციპალური კადრი, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას არის წყალტუბოს მოქმედი მერი გენადი ბალანჩივაძე. "კურიერმა" მისი მერობის სავიზიტო ბარათად ქცეული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა. ცივი ტბა, რომელიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო, დღეს ადგილობრივებისა და ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
გენადი ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით 500-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მისი მერობის დასაწყისში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 16 მილიონ ლარს შეადგენდა, დღეს კი 58 მილიონი ლარია.
მისი მმართველობისას მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები. წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდა 7 სოფელში. გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით, 20 უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა ახალი სახლი.
მთავარი აგენტი რაზეც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყურადღებას გაამახვილებს მუნიციპალიტეტის ტურისტული სამედიცინო და გამაჯანსაღებელი პოტენციალის გაზრდაა. "კურიერი" წყალტუბოს გამაჯანსაღებელი ცენტრის მეექვსე წყაროს ექიმსაც გაესაუბრა.
"ქართულმა ოცნებამ" სამივე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნებისთვის კარგად გამოცდილი, მოქმედი მერები დაასახელა.