ძლიერი ინსტიტუტები, ხელისუფლების ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკა და კეთილსაიმედო საკანონმდებლო ბაზა - ევროკომისიის დაკვეთით შესრულებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო ყველა ამ ინდიკატორის შეფასებით, ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ქვეყანა რეიტინგით ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს, ასევე უკეთესი მაჩვენებელი აქვს ევროგაერთიანების წევრ არაერთ ქვეყანასთან შედარებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დღეს ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს ისტორიული უწოდა. მამუკა მდინარაძის აზრით, ამ ფონზე ევროკომისიის თავმჯდომარის კრიტიკული დამოკიდებულება ცალსახად მიკერძოებული და არაბუნებრივია. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ თავად ევროკომისიამ ქვეყნის ინსტიტუციური პროგრესი "კარგი მთავრობის 2025" წლის ანგარიშით დაადასტურა.
ძლიერი ინსტიტუტების ინდექსში საქართველომ ისტორიული შედეგი შკალაზე 63 პროცენტი მიიღო, რითაც მსოფლიოში 34-ე პოზიცია დაიკავა, ევროპაში კი ტოპ 20 ქვეყანაში შედის მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის სწორი პოლიტიკის შედეგით. ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში განმარტავენ, რომ გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტების პოზიტიური ინდიკატორები ქვეყანას საინვესტიციო კუთხითაც მიმზიდველს ხდის.
ევროკომისიის დაკვეთით შესრულებულ კვლევას და რეიტინგებს არ ენდობა ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, კანონმდებლობის, მთავრობის ეფექტურობისა თუ სხვა ინდექსები ობიექტურად მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების შემდეგ შეფასდება.
ოპოზიციას და მათ ლობისტებს სუბიექტობაში ადანაშაულებს სახელისუფლებო გუნდი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატების მსგავსად, ოპონენტებმაც ქვეყნის პროგრესის შესახებ ყველაფერი იციან, თუმცა ელექტორატის მოტყუებას მიზანმიმართულად ცდილობენ. მიზანი კი - საქართველოს მხრიდან დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში ე.წ. პაიკის როლის შესრულებაზე უარი და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.
კარგი მთავრობის ანგარიშს ევროკომისია ყოველწლიურად აქვეყნებს. საერთაშორისო ინდიკატორებზე დაფუძნებული რეიტინგებით საქართველომ წელს ყველა კომპონენტში ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანაში მოხვედრა შეძლო. გადაუსწრო ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები: პორტუგალია, ხორვატია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი არიან.