ტრამპი-პუტინის შეხვედრა აქტიური განხილვისა და შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.
"ამაზრზენი საქციელი, საგარეო პოლიტიკის უცოდინრობა, ბრიყვი" - ქართული ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამერიკის პრეზიდენტს პოლიტიკურ ალღოს უწუნებენ და ამგვარი ეპითეტებით აფასებენ. ოპოზიციის ეს რიტორიკა "ქართული ოცნებისთვის" დასტურია, რომ მათი ოპონენტები ფსონს მშვიდობის ნაცვლად ომზე დებენ.
ცეცხლის კერების გაღვივების სურვილი საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა "ხალხის ძალამ" ქართული ოპოზიციის იმ განცხადებებში ამოიკითხა, რომლითაც ხელისუფლების ოპონენტებმა დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო მწვავედ გააკრიტიკეს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოში მშვიდობა არ სურთ.
უცოდინრობა, კაპიტულანტურ მოთხოვნაზე დათანხმება, ამაზრზენი საქციელი - ეს იმ ეპითეტების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ამერიკის 47-ე პრეზიდენტი შეამკეს. მიზეზი - უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით დონად ტრამპის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გახდა. რატომ უწოდა საგარეო პოლიტიკასა და ისტორიაში ბრიყვი ამერიკის პრეზიდენტს - საკუთარი სიტყვების განმარტება დავით დარჩიაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბარში სცადა. თქვა, რომ მიზეზი დონალდ ტრამპის მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული მთავარი ღირებულებების იგნორირება იყო.
ოპოზიციის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გაკეთებული ეს განცხადებები მმართველი გუნდისთვის დასტურია, რომ ხელისუფლების ოპონენტები ფსონს მშვიდობაზე არ დებენ. "ქართული ოცნების" შეფასებით, ოპოზიციის კრიტიკული პოზიცია მიანიშნებს, რომ მათ უკრაინაში ომის დასრულება არ სურთ.
უკრაინაში ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში შეხვედრა მსოფლიოს სხვადასხსვა ქვეყნის მსგავსად, მეორე დღეა, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა საქართველოშიც.