18 აგვისტო 2026,   10:39
ვრცლად
საქართველოში დამზადებული ნატურალური წვენები და ხილფაფები ხელმისაწვდომი უკვე 200 ქვეყანაში იქნება - საკუთარი პროდუქციით გლობალურ ბაზარზე 50-მდე ქართული კომპანია გავა

საქართველოში დამზადებული ნატურალური წვენები და ხილფაფები ხელმისაწვდომი უკვე 200 ქვეყანაში იქნება. საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროდუქცია ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Alibaba.com-ზე განთავსდება. მსოფლიოს გარშემო, მსურველები ნატახტარში დამზადებულ ნაწარმს ინტერნეტის საშუალებით და მარტივი ინსტრუქციის შესრულებით შეიძენენ.

საკუთარი პროდუქციით გლობალურ ბაზარზე 50-მდე ქართული კომპანია გავა. მათი მომსახურების გადასახადს, ასევე პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსების ხარჯებს, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" სრულად დაფარავს. ქართული ბრენდები ასევე ისარგებლებენ ვერიფიკაციით, რაც ნდობას ზრდის და პოტენციურ მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე, საერთაშორისო პლატფორმაზე პროდუქციის განთავსება შეუძლებელი იქნებოდა.

პლატფორმაზე განსათავსებლად, შერჩევის პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება.

თავდაპირველად, ის მაღალი ქულების მქონე კომპანიები დარეგისტრირდებიან, რომლებიც სააგენტოს ,"აწარმოე საქართველოში" ბაზაში ირიცხებიან. დანარჩენი კომპანიები კი, მეორე ეტაპზე დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან და სააგენტო მათ გადაამზადებს.

ონლაინ ვაჭრობის ზრდის ტენდენციის ფონზე, დროული და მომგებიანი გადაწყვეტილება - ასე აფასებენ ექსპერტები სახელმწიფოს ინიციატივას. ეკონომისტის, გიორგი ცუცქირიძის თქმით ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე აისახება.

ბიზნესის სტიმულირება, ექსპორტის ხელშეწყობა და წახალისება - ეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილს განცხადებით სახელმწიფოს ჩართულობით არაერთი პროგრამა მუშაობს და შეთავაზებები მუდმივად ფართოვდება.

მორიგი საერთაშორისო აღიარების შემდეგ, ქართულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გამარტივდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები