ჩქაროსნული მაგისტრალის სურამის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მოძრაობა ავტომობილებმა დილიდან დაიწყეს.
ახალი, 6.4 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის მონაკვეთზე აშენდა 11 ხიდი და 5 გვირაბი. ეს მონაკვეთი ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა, გვერდს უვლის სურამსა და ჩუმათელეთს, უერთდება რიკოთის საუღელტეხილო გზის გვირაბს. აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით.
ჩქაროსნული მაგისტრალის სურამის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას, პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ პროექტის სტრატეგიულ მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. თქვა, რომ მაგისტრალი უნდა იქცეს შუა დერეფნის ცენტრალურ კვანძად. პრემიერმა პირობაც დადო, რომ თანამედროვე სტანდარტების გზების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება.
მაგისტრალური გზების მშენებლობას პირდაპირი ეფექტი რომ აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა. რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ თანამედროვე სტანდარტების შემოვლითი გზა მგზავრობას კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის და გადაადგილების დროსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სურამის შემოვლით გზაზე, ავტოტრანსპორტი თბილისიდან სამტრედიამდე 230 კმ-იანი უწყვეტი ჩქაროსნული გზით ისარგებლებს. ჩქაროსნული გზის ახალი მონაკვეთი სურამს სატრანზიტო ნაკადებისგან სრულად განტვირთავს.
სამშენებლო სამუშაოები მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 265 მილიონი ლარი შეადგინა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმაც მიმართა.
აღმოსავლეთ-დასავლეთ საერთაშორისო საგზაო დერეფნის განვითარებისთვის იწყება ბათუმი-სარფის, თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ საერთაშორისო მაგისტრალზე გადაადგილების დრო განახევრდება.