ალასკაზე ტრამპთან შეხვედრამდე, პუტინი მაგადანში ჩავიდა, სადაც თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში მისი ვიზიტია დაგეგმილი.
პარალელურად, რუსეთის დელეგაცია უკვე ალასკაშია, ჯგუფის მონაწილეებს შორის არიან რუსეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები.
რუსეთის პრეზიდენტი ალასკაში თბილისის დროით შუაღამისას ჩავა, ტრამპთან შეხვედრა ჩასვლიდან ნახევარ საათში დაიწყება.
გაკეთდება კომენტარები მედიისთვის, შემდეგ კი წარიმართება მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, როგორც პირისპირ, ისე დელეგაციებს შორის. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს, სავარაუდოდ სატელეფონო საუბრით მიაწვდის.
პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
შეხვედრის შესახებ თავის მოლოდინებზე ისაუბრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვის განცხადებით, მათ აქვთ არგუმენტები და მკაფიო, ზუსტი პოზიცია.
"ჩვენ არასდროს ვგეგმავთ წინასწარ. ვიცით, რომ გვაქვს არგუმენტები, გვაქვს მკაფიო, ზუსტი პოზიცია და მას დავაფიქსირებთ. სტივ უიტკოფის ვიზიტების დროს უკვე ბევრი რამ გაკეთდა, პრეზიდენტმა ამის შესახებ განაცხადა. უიტკოფმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ისაუბრა. იმედი მაქვს, დღეს ამ ძალიან სასარგებლო საუბარს გავაგრძელებთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.