21 აგვისტო 2026,   01:45
ვრცლად
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა წელსაც ამოქმედდება - სოფლის განვითარების სააგენტო ერთ კილოგრამ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს

სპეციალური სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია - არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წელსაც ამოქმედდება. სოფლის განვითარების სააგენტო ერთ კილოგრამ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს. თანხას ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც ფერმერებისგან მოსავალს არანაკლებ, 27 თეთრად შეისყიდიან.

წელს, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროცესი გამკაცრებული მონიტორინგის პირობებში ჩაივლის. პროგრამაში მონაწილე საწარმოები ვაშლის ჩაბარებას მხოლოდ ელექტრონული სასწორით შეძლებენ. პროცესის ვიდეო ჩაწერა მოხდება და მონიტორინგის ცენტრისთვის ეს ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომი გახდება. პროგრამაში მონაწილეობისთვის კომპანიები უკვე ემზადებიან.

შიდა ქართლი; კახეთი; ქვემო სვანეთი - გასულ წელს სააგენტოს პროგრამით სულ 6 რეგიონის 15-მდე საწარმომ ისარგებლა. კომპანიებმა დაახლოებით, 46 ათასი ტონა ვაშლი ჩაიბარეს. ვიზუალური დეფექტის მქონე მოსავლის რეალიზაციით, ფერმერებმა ჯამში 12.5 მილიონი ლარი მიიღეს. აქედან სახელმწიფო სუბსიდია 4,6 მილიონ ლარს შეადგენდა. სახელმწიფო პროგრამისგან წელსაც სარგებელს ელოდება დავით სიმონიშვილი. ფერმერი 300 ტონამდე ვაშლის მოსავლის აღებას ვარაუდობს.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, სექტემბრის პირველ ნახევარში დაიწყება და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები