20 აგვისტო 2026,   01:12
ვრცლად
არსებული ინფორმაციით, ბერდია სიჭინავა და ირაკლი კუპრაძე ბერლინში მყოფ გიორგი გახარიასთან გაემგზავრნენ - "ლელოში" ამბობენ, რომ პარტიის გენერალური მდივნის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან

საარჩევნო ხელშეკრულება ზუსტად ერთი თვის წინ გააფორმეს, ზუსტად ერთი თვეა ფიქრობენ, თუმცა ლიდერების გარეშე საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ.

სწორედ ამიტომ, მემორანდუმის ხელმომწერები ქვეყნის გარეთ მყოფ, გიორგი გახარიასთან გაემგზავრნენ. არსებული ინფორმაციით, ბერდია სიჭინავა და ირაკლი კუპრაძე ბერლინში თავად გახარიამ დაიბარა.

"ლელოში" ამბობენ, რომ პარტიის გენერალური მდივნის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან. ინფორმაციას ვერ ადასტურებენ, თუმცა ვერც უარყოფენ.

მანამდე, ჯერ თავად უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში, სადაც ამ დრომდე გაურკვეველია, დაბრუნდება თუ არა თვითონ გიორგი გახარია. ექსპრემიერის გუნდში დღეს "ლელოს" მსგავსად თქვეს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

სააკაშვილის პარტიაში დღეს საქართველოში მათი ლიდერის დაბრუნება და ამ საკითხზე გახარიას გუნდის განცხადებებიც გაახსენდათ. "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მსგავსი პარალელი გაუჩნდათ "გირჩშიც", სადაც არჩევნებში მონაწილე კოლეგების ბერლინში გამგზავრება არ გაჰკვირვებიათ.

"გახარია ბილეთის აღებას არც აპირებს" - ამბობენ "ქართულ ოცნებაში", სადაც მიაჩნიათ, რომ ექსპრემიერი საქართველოდან გაიქცა. უმრავლესობის თქმით, ბუნებრივია რომ "ლელო" და გახარიას გუნდი ვერაფერზე თანხმდება და ბუნებრივია ისიც, რომ თავად გახარია მითითებებს ქვეყნის გარედან გასცემს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, გახარიას გუნდში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. დატოვა თუ არა პარტია თეონა აქუბარდიამ? - პოლიტიკოსი ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც მისი პარტიაც მონაწილეობს, ბოიკოტს უცხადებს.

დღის ამბები