"ქართული ოცნება" ჩინელი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიასა და სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიას ხელისუფლების დაკნინების მცდელობად აფასებს.
"ჩინეთში დააკავეს მაღალჩინოსანი, რომელიც "ოცნების" დელეგაციებს მასპინძლობდა" - "რადიო თავისუფლების" ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატია ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა "ფეისბუქში" გააზიარეს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიზანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის შელახვაა.
"ეს არის იაფფასიანი მცდელობა, რომ მოახდინონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ რეალურად არანაირი კავშირი ამას ამ საკითხთან არ აქვს. ეს ადამიანი წლების განმავლობაში იყო ჩინეთის სახელმწიფოს მაღალი ოფიციალური პირი, რომელიც იყო ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი საგარეო ურთიერთობებში და მას ყოველდღიურ რეჟიმში ჰქონდა შეხვედრები, ჩართვები და ვიზიტები მსოფლიოს უმაღლეს თანამდებობის პირებთან. ამიტომ, ჩვეულებრივ ხდება უბრალოდ ამ საკითხით მანიპულაცია. მიზანი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის შელახვა. ამ მიზნისთვის იყენებენ ასეთ იაფფასიან მცდელობებს, რომ შეურაცხყონ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების სახელი", - აცხადებს ლევან მახაშვილი.
საუბარია დიპლომატ ლიუ ძინ-ჩაოზე, რომელსაც დასავლურ მედიაში მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად განიხილავდნენ. 61 წლის დიპლომატი ჩინეთის მმართველ პარტიაში უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებს კურირებდა. ის პოსტზე 2022 წელს დაინიშნა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ჰქონდა ვიზიტები 20-ზე მეტ სახელმწიფოში, თავად კი მასპინძლობდა 160-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს.