ლაგოდეხში ახალი კვირა ახალი გეგმებით იწყება. ლაგოდეხის მოქმედი მერი ჯონდო მდივნიშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, მომავალ სამუშაოებზე მსჯელობს. ტრადიციულ ყოველკვირეულ თათბირზე რწმუნებულებისგან სოფლებში არსებულ ვითარებას ეცნობა და დამატებით დავალებებსაც გასცემს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ის პროექტებია, რომელიც მომავალ კვირაში უნდა დასრულდეს.
ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მერის პოსტს 2017 წლიდან იკავებს. "ქართული ოცნების" გუნდმა მას მხარდაჭერა მესამედ გამოუცხადა და კვლავ მერობის კანდიდატად წარადგინა. მდივნიშვილს, როგორც მოქმედ მერს, გამოცდილება და შესრულებული სამუშაოები აძლევს რწმენას, რომ მას მესამე ჯერზეც აირჩევენ. "კურიერთან" ჯონდო მდივნიშვილი იმ გამოწვევებზე და შესრულებულ პროექტებზე საუბრობს, რასაც ამ 8 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, თუმცა როგორც ის ამბობს, კიდევ ბევრი მიზანი და გეგმა აქვს, რომლის განხორციელებასაც მესამედ არჩევის შემთხვევაში აპირებს.
ლაგოდეხის პარკი ჯონდო მდივნიშვილისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, 4 ჰექტარზე გაშენებული რეკრეაციული სივრცე, ის პროექტია, რომლითაც მერი ამაყობს. ლაგოდეხის პარკი, როგორც ჩანს, მოსახლეობისთვის საყვარელი ადგილია, რადგან "კურიერთან" საუბრის პარალელურად, მერმა მოქალაქეებისგან დადებითი შეფასებები მოისმინა.
კიდევ ერთი კანდიდატი. რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" მეოთხედ გამოუცხადა ნდომა, დედოფლისწყაროს მოქმედი მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილია.
დედოფლის წყაროს მერს არ აშინებს წინასაარჩევნო კამპანია და არც ახალი გამოწვევები. უკვე 11 წელია ნიკოლოზ ჯანიაშვილი დედოფლისწყაროს მოსახლეობის პრობლემებს იცნობს და მათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტებით აგვარებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პრობლემის შემთხვევაში მათთან მერი პირველივე ზარზე ჩნდება.
როგორც მოქალაქეებთან საუბრისას მერმა აღნიშნა, ყველა დაპირება შეასრულა. მეთხე ვადით არჩევის შემთხვევაშიც იგივეს გეგმავს. კახეთში ყველაზე მასშტაბური პარკის რეაბილიტაციაც სწორედ მის საქმიანობას უკავშირდება. მუნიციპალიტეტში, სადაც არ არსებობდა რეკრეაციული სივრცე, "ქართული ოცნების" მმართველობისა და ჯანიაშვილის მერობის პერიოდში, რეგიონში ყველაზე მასშტაბური 16 ჰექტარზე გაშენებული რეკრეაციული სივრცე მოეწყო. განხორციელებული პროექტები აძლევს იმედს, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ, მეოთხედ დაუჭერს მხარს.
კახეთის კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მაჭავარიანია. გურჯაანის მოქმედი მერი მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობია.
გიორგი მაჭავარიანმა კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კულინარიული სასწავლების მშენებლობა დაგვათვალიერებინა. ეს ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მისი მერობის პერიოდში დაიწყო. გეგმები ბევრი აქვს, რომლის განხორციელებასაც მეორე ვადით არჩევისას აპირებს.
კახეთის მხარის ამ სამივე მუნიციპალიტეტში "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში მოქმედი მერები წარადგინა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე
ავტორი: კესო ქაფიანიძე