დიდგორის ველი, მოპოვებული ისტორიული გამარჯვება და ქვეყნის დაცვის საუკეთესო მაგალითი - უთანასწორო ბრძოლის დროს მოპოვებული გამარჯვება საუკუნეების შემდეგაც სამაგალითოა. ახალი თაობის მიერ შექმნილი, ძველი საბრძოლო იარაღები დღეს დიდგორის ველზე გამოფინეს. სტუმრების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება, სწორედ ამ სივრცეს დაეთმო.
ძლიერი ნისლის მიუხედავად, დიდგორის ველზე დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. მოეწყო საგამოფენო სივრცეები, ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები და თეატრალიზებული წარმოდგენები.
დიდგორის ველზე განთავსებული სხვადასხვა კუთხის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა და კულტურულ ღონისძიებებს დაესწრო პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე დიდგორში მინისტრებთან და დეპუტატებთან ერთად ჩავიდა. პრემიერმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებს სიტყვით მიმართა და აქცენტი, ისტორიულ მოვლენებთან ერთად, თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე გააკეთა.
დიდგორობის დღესასწაულზე მისულ სტუმრებს, პატრიარქის მილოცვა გადასცა მეუფე შიომ. კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ განაცხადა, რომ დიდგორის ბრძოლა არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების, არამედ დიდი სულიერი სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლოა.
საომარი საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული ნაბიჯებისთვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის, "დიდგორის ჯვრის" ორდენებით დაჯილდოვდნენ სამხედროები. მედლები მათ თავდაცვის მინისტრმა გადასცა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თავდაცვის ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურე საამაყო მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელია.
დიდგორის ისტორიული გამარჯვებიდან დღეს 904 წელი გავიდა. სახალხო დღესასწაული, ველზე სადაც გმირების მემორიალია განთავსებული, ყოველი წლის 12 აგვისტოს აღინიშნება.