"ელმენდორფ- რიჩარდსონის" გაერთიანებული სამხედრო ბაზა ან სასტუმრო "კაპიტანი კუკი" - ტრამპი-პუტინის შეხვედრის ადგილად, ამერიკული მედია ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯს ასახელებს. 15 აგვისტოს, თეთრი სახლის და კრემლის ლიდერები ერთმანეთის პირისპირ ომის დასრულების საკითხზე სასაუბროდ დასხდებიან, განხილვის მთავარი თემა უკრაინის ტერიტორიები იქნება.
რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის განხილვის გარეშე, მშვიდობიანი გზით ომის დასრულების პირობების განსაზღვრა შეუძლებლად მიაჩნია ნატო-ს გენერალურ მდივანს. მარკ რუტემ "ეი ბი სის-თან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა სამიტზე მიღებულ შეთანხმებაში, ამ ტერიტორიებზე რუსეთის დე ფაქტო კონტროლის აღიარება მოხდეს.
ომის დასრულების მთავარ პირობად უკრაინას და რუსეთს შორის ტერიტორიების გაცვლას ასახელებს სენატორი ლინდსი გრემი. "ენ ბი სის-თან" ინტერვიუში, რესპუბლიკელმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ მიწის დათმობამდე უკრაინამ რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს.
ვაშინგტონისა და მოსკოვის ლიდერების შეხვედრაზე, არ შეიძლება, აშშ-მა და რუსეთმა ტერიტორიული საკითხები უკრაინისა და ევროპის ქვეყნების ჩართულობის გარეშე განიხილონ. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა გააკეთა. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა უკრაინის პრეზიდენტმაც უნდა მიიღოს.
ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის პერსპექტივა მიუღებელია ოფიციალური კიევისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის გარეშე ომის დასრულების საკითხზე არცერთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ.
მოლაპარაკებების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი. "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ სამიტზე მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება, სავარაუდოდ, არცერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს. ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ აშშ პუტინსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკების გამართვაზე მუშაობს.
უკრაინის პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე და დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობს. დღეს, დარტყმის სამიზნე გახდა ხარკოვის, ნიკოლაევის, დნიპროს, კიევის, ჟიტომირისა და ზაპოროჟიეს ოლქები.