ტრამპი ბაიდენის კიდევ ერთ მიდგომას ცვლის. ამერიკის პრეზიდენტი საფინანსო სექტორში დისკრიმინაციას უპირისპირდება - ბანკებს უკრძალავს კლიენტებისთვის მომსახურებაზე უარის თქმას, მათი პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა შეხედულებების გამო. შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. მიზეზები კი "სი ენ ბი სისთან" სატელეფონო ინტერვიუში ვრცლად განმარტა. დონალდ ტრამპმა საჯაროდ თქვა, რომ უსამართლო მიდგომა საკუთარ თავზეც გამოცადა, რასაც საბანკო მარეგულირებლების მიმართ ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის მითითებებს უკავშირებს.
ლოგიკური პოლიტიკური გადაწყვეტილება - ასე აფასებს ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრმა დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა. თქვა, რომ ამერიკის სანქციების პოლიტიკას გადახედვა, საერთაშორისო საბანკო სისტემას კი ნდობის დაბრუნება სჭირდება. სახელისუფლებო გუნდის მოლოდინია, რომ ახალი კანონი ყველა იმ პირს შეეხება, ვინც წინა ადმინისტრაციამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაასანქცირა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც.
მმართველი პარტიისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ფინანსურ სანქციებს დამსახურებულს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ ამერიკის პოლიტიკა ამ მიმართულებით არ შეიცვლება.
სანქციები, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს შემთხვევაში სწორედ ეს მიზანი აქვს მტკიცებულებების გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მათ შორისაა ფინანსური შეზღუდვები, რაც კონკრეტული პირების საბანკო სისტემიდან გათიშვას ითვალისწინებს.
მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ტრამპი, რომელიც "დიფ სთეითის" დამარცხების საარჩევნო დაპირებით მოვიდა, მისი გავლენით მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებებს სამართლიანი დამოკიდებულებით ჩაანაცვლებს.