19 ივნისი 2026,   13:02
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოში, პროპალესტინური ქსელის აქციაზე, 474 ადამიანი დააკავეს

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში, აკრძალული პროპალესტინური ქსელის (Palestine Action) დემონსტრაციაზე, 474 ადამიანი დააკავეს. 

როგორც BBC ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს, 466 მომიტინგე დაკავებულია ჯგუფის მხარდაჭერისთვის, 5 პოლიციელებზე თავდასხმისთვის, 2 საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და 1 რასობრივი დანაშაულის ბრალდებით.

ვიდრე დაკავებები დაიწყებოდა, პარლამენტის მოედანზე, ათობით ადამიანმა ერთდროულად გაშალა პლაკატები წარწერით "მე ვეწინააღმდეგები გენოციდს. მე მხარს ვუჭერ "Palestine Action-ს".

მოძრაობა Palestine Action-ი გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ივლისში აკრძალა და ის ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა. შესაბამისად, მისი წევრობა ან მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად არის მიჩნეული, რაც ისჯება 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

დღის ამბები