20 აგვისტო 2026,   08:21
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" საარჩევნო ნომრები დაკარგეს - მმართველი გუნდში ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ მძიმე ვითარებას

"ნაციონალური მოძრაობა" პარტიული ბრენდის გარეშე - საარჩევნო ნომერი 5, რომელიც ბოლო 20 წელიწადზეა მეტია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გასწვრივ ხვდებოდა ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენებში, “ნაციონალური მოძრაობის” კუთვნილება აღარ არის. საარჩევნო ნომერი 4 დაკარგა კოალიციამ “ცვლილებებისთვისაც". საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ორივე ოპოზიციურ პარტიას, კუთვნილი ნომრების შენარჩუნება შეეძლო, თუმცა მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაცია არ შეასრულეს და ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე არ მიმართეს. 

საარჩევნო ნომრის გარეშე დარჩენილები, მათ წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიის შესახებ საუბრობენ. მმართველი გუნდის ოპონენტები მხარდამჭერებს ჰპირდებიან, რომ საარჩევნო ნომრებს ახალი არჩევნების პირობებში დაიბრუნებენ.

კონკრეტული პარტიების მიერ საარჩევნო ნომრების დაკარგვა სიმპტომატურია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს, ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ მძიმე ვითარებას.

კოლეგებისგან განსხვავებით, საკუთარი საარჩევნო ნომრები შეინარჩუნეს იმ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ. "გახარია საქართველოსთვის" და "გირჩის" წევრებისთვის, ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

საარჩევნო ნომრით თუ მის გარეშე - "ქართული ოცნებისთვის" ოპოზიცია ანგარიშგასაწევი ძალა არ არის. უმრავლესობის წევრები საარჩევნო კანონმდებლობის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ რეგულაციები მკაცრად განსაზღვრავს საარჩევნო ნომრის მინიჭება - შენარჩუნების საკითხს.

4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. აქედან 5-ს საარჩევნო ნომერი შეუნარჩუნდა. 12 პარტიას კი, რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭა.

დღის ამბები