20 აგვისტო 2026,   11:16
ვრცლად
"ორმაგი სტანდარტი, პოლიტიკური მიკერძოება და თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე" - ასე აფასებს მმართველი გუნდი იმ კრიტიკულ განცხადებებს, რაც მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა

ორმაგი სტანდარტი, პოლიტიკური მიკერძოება და თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი იმ კრიტიკულ განცხადებებს, რაც მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოცხადებას მოჰყვა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის პრესს-სპიკერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსები, მათ შორის ჯო უილსონი და რასა უკნევიჩიენე - საქართველოს ხელისუფლებას მედიამენეჯერის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. განცხადების ავტორები საუბრობენ,პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმასა და სასჯელის არაპროპორციულობაზე. ქართული ოცნების შეფასებით, ამ გზავნილებს საერთო მიზანი აქვს - დასუსტდეს სახელმწიფო ინსტიტუტები. ამბობენ, რომ პოლიტიზებული გადაწყვეტილება სწორედ მომხდარი დანაშაულის უგულებელყოფა იქნებოდა.

პარტნიორების პოზიციას ბუნებრივ რეაქციას უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით კრიტიკა არა სასამართლოში ჩარევა, არამედ ობიექტური შენიშვნებია.

"სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალია" - აცხადებენ მმართველ გუნდში და არგუმენტად ის კონკრეტული საქმეები მოჰყავთ, რაზეც ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდნენ, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს ძალაში ტოვებდა. უმრავლესობის თქმით, მზია ამაღლობელის საქმეც ანალოგიური შემთხვევაა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათთვის, უცხოელი აქტორების აქტიურობის მიზეზი გასაგებია, თუმცა გაუგებარია ორმაგი სტანდარტი. ამბობენ, რომ დაკავებულს სწორედ ის ევრობიუროკრატები და ქვეყნები ესარჩლებიან, სადაც პოლიციელის შეურაცხყოფა გაცილებით მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობის მუხლით გაასამართლეს.

მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციოში სასამართლოში გაასაჩივრებს.

დღის ამბები