კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ კონკურენციის დარღვევაზე საუბრობს. მომხმარებელთა დაცვის მიზნით დაწყებული მოკვლევა, 4 იმპორტიორი კომპანიის დაჯარიმებით დასრულდა. შპს "გლობალ ცბს", "კონცეპტ ფარმა", "რიჩ გრუპი" და "გეა", საერთო ჯამში 560 000 ლარით დაჯარიმდნენ. ფასების გადამოწმება 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი - გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას ეხებოდა.
"კურიერი" დაჯარიმებული კომპანიების წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა ისინი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. იყო თუ არა მაღალი ფასნამატები ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან არაკონკურენტული ქმედებებით გამოწვეული - მოკვლევის მოთხოვნით, კონკურენციის სააგენტოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა.
მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯებიც, რომლებიც ფასწარმოქმნას არ უკავშირდებოდა და ფასის ხელოვნურ ზრდაზე მიანიშნებდა. ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ წამლებზე ფასნამატი, მხოლოდ მედიკამენტის შენახვისა და დისტრიბუციის ხარჯებს უნდა ფარავდეს.
ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა იმ პერიოდს ეხება, როდესაც რეფერენტული ფასები დაწესებული არ იყო.