ამერიკული გამოცემა The American Conservative აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით "რატომ არის აშშ კონგრესი ორიენტირებული საქართველოში სანქციების დაწესებაზე?".
ავტორი, ენტონი ჯ. კონსტანტინი აღნიშნავს, რომ კავკასიურ ქვეყანაში დემოკრატიის ხელშეწყობა ამერიკის ინტერესების პერიფერიაზე იმყოფება და ეწინააღმდეგება პრინციპს "ამერიკა უპირველეს ყოვლისა!".
სტატია სრულად:
"გასული წლის ივნისში აშშ წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით მიიღო Megobari Act-ი. ეს საკანონმდებლო ინიციატივა პრეზიდენტ ტრამპს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს საქართველოს ხელისუფლებას — მათ შორის, ყველა მინისტრსა და მოქმედ პარლამენტარს. ამჟამად კანონპროექტი სენატში განიხილება და, თუ არაფერი შეიცვალა, დიდი ალბათობით, ის იქაც უმრავლესობით დამტკიცდება. ეს შეცდომა იქნება! თუ ეს დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე აღმოჩნდება, მან ვეტო უნდა დაადოს.
კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის იმ მოძრაობის პოლიტიკურ მიზნებთან, რომელსაც ვიცნობთ ლოზუნგით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა!“ ეს კანონპროექტი ასახავს ბუშისა და ბაიდენის ადმინისტრაციების დემოკრატიის ხელშეწყობის დღის წესრიგს და ამერიკის პოზიციებსაც შეასუსტებს მრავალპოლარულ სამყაროში.
Megobari Act-იწელს კონგრესმენმა ჯო უილსონმა დააინიცირა, რომელიც, თითქოსდა სამხრეთ კაროლინას წარმოადგენს. სიტყვა „თითქოსდა“ მართებულია, რადგან კონგრესმენი გაუგებარი მიზეზებით, თან აშკარად გატაცებულია საქართველოს თემატიკით. მარტიდან მოყოლებული, მან X-ზე უფრო ხშირად დაპოსტა საქართველოს შესახებ, ვიდრე საკუთარ შტატზე — სამხრეთ კაროლინაზე. ის რეგულარულად ხვდება ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს. წელს საქართველოს დროშის დღეც კი აღნიშნა.
უილსონი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააყალბა არჩევნები — უახლესიც, 2024 წელს. ის ამბობს, როგორც კანონპროექტში წერია, ამ ფაქტმა დემოკრატიის კონსოლიდაცია დააზარალა საქართველოში, არადა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის ეს გადამწყვეტიაო. სადმე განმარტებულია, რატომ არის ასეთი კონსოლიდაცია მნიშვნელოვანი? ეს მტკიცებით ფორმაში ნათქვამი აზრი უბრალოდ შეუვალ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული.
ეს აზრი მცდარია. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ კონსერვატიულია. ის რუსეთთან მეგობრული ურთიერთობებისთვის ღიაა და 2012 წლიდან ყველა არჩევნებში იმარჯვებს. ის ხელისუფლებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოვიდა. საუბარია ომზე, რომელმაც ევროკავშირისკენ მიმართული საქართველოს ხელისუფლება წაქეზებით დაუპირისპირა რუსეთს, რის შედეგადაც ქვეყანამ ტერიტორიის დაახლოებით 20% დაკარგა. ეს მარცხი — და იმჟამინდელი მთავრობის კორუფცია — იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ მომდევნო არჩევნებში „ქართული ოცნება“ აბსოლუტური უმრავლესობით(კატაპულტირდა) მოვიდა ხელისუფლებაში.
„ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა რუსეთთან დაპირისპირების სურვილი; მით უმეტეს 2014 წელს, როცა რუსეთი მეზობელ უკრაინაში, ყირიმში შეიჭრა. ისინი ცდილობდნენ, მეგობრული თუ არა, ნაკლებად დაძაბული ურთიერთობები მაინც შეენარჩუნებინათ გაცილებით ძლიერ ჩრდილოელ მეზობელთან.
თუმცა, ეს მიდგომა პრობლემურად მიაჩნდათ ევროკავშირსა და ვაშინგტონში მყოფ ლიბერალ ინტერნაციონალისტებს, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს დასავლურ ბლოკში ჩართვას. დასავლურმა ქვეყნებმა მილიონობით დოლარი მიმართეს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში იმ იმედით, რომ გავლენას მოახდენდნენ ქვეყნის პოლიტიკასა და მედიაზე. ამის საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დასაწყისში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსების არანაკლებ 20 პროცენტს უცხოეთიდან იღებს, ევალება უცხოეთის აგენტად დარეგისტრირება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯმა გააღიზიანა როგორც ბრიუსელი, ისე ვაშინგტონი, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ გააკეთა შესაძლოა ყველაზე თამამი ნაბიჯი იყო: მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო. ლიბერალ ინტერნაციონალისტებს — მათ შორის ჯო უილსონსა და მაშინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს — მაშინვე გაუჩნდათ პრეტენზიები და დარღვევებზე აპელირებდნენ. თუმცა, არასდროს წარმოდგენილა მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. თვით ეუთო/ოდირმაც კი, რომელიც თავად „ქართულმა ოცნებამ“ მოიწვია დამკვირვებლად — ვერ შეძლო, ეთქვა, რომ შედეგები ფალსიფიცირებული იყო.
ძნელი მისახვედრი არაა, რატომ მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური მედია ხშირად აკეთებს აქცენტს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე, სადაც სტუდენტები ინგლისურენოვანი პლაკატებით პოზირებენ დასავლური კამერების წინაშე, იშვიათად ჩადიან საქართველოს სოფლებში, სადაც მცხოვრებთა უმეტესობას არ სურს საკუთარი ქვეყნის ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ მორიგ ომში. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დაინახეს, თუ როგორ გამოიყენეს ბრიუსელმა და ვაშინგტონმა უკრაინა, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის შეიარაღებული ძალების დასასუსტებლად. თანაც, „ქართული ოცნება“ აქტიურად აწარმოებდა კამპანიას ბრიუსელის ლგბტ ობსესიის წინააღმდეგ და კანონებიც მიიღო ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ქირურგიულ ჩარევათა შესაზღუდად. ბუნებრივია, შედარებით კონსერვატიულმა მოსახლეობამ ამ ზომებს — და შესაბამისად „ქართულ ოცნებასაც“ — მხარი დაუჭირა.
ეს ამბავი უილსონმა და „მეგობარი აქტმა“ უგულებელყვეს. ამ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისას, გასულ თვეში უილსონმა მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნება“, როგორც ანტიამერიკული ძალა, მაგრამ ამ მტკიცებულებების დასტურად არც ერთი დასაბუთება არ წარმოუდგენია. მან ეს კანონპროექტი ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომთან დააკავშირა.
ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომის მხარდაჭერა და ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად დემოკრატიის კონსოლიდაციის განსაზღვრა არ არის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა!“. მას უკვე აქვს სახელი — ბუშის დოქტრინა. ესაა ის, რასაც ებრძვის ტრამპი და უფრო ფართო გაგებით, მოძრაობა - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა!“
ცივი ომის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა მასობრივი კამპანია წამოიწყო დემოკრატიის მხარდასაჭერად, რასაც დააყრდნო აბსურდული თეორიები: ვილსონისეული დემოკრატიული მშვიდობის თეორია. ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი და მილიონობით მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე დემოკრატია კი შეიქმნა, მაგრამ ამერიკის იმიჯი ამ ყველაფრის შედეგად დაზიანდა.
ტრამპი ამ იდეებს ღიად ეწინააღმდეგებოდა თავის საარჩევნო კამპანიაში. რესპუბლიკელებისთვის პოლიტიკური სიგიჟე და იდეურ-ფილოსოფიური წინააღმდეგობა იქნება „მეგობარი აქტის“ საფუძვლად მოყვანილი იდეების მხარდაჭერა. ეს კანონპროექტი ამერიკას ართმევს უპირატესობას მრავალპოლარულ სამყაროში. ბუშის დოქტრინა, რომელიც თავმოყვარეობაზე დაფუძნებული მცდელობა იყო სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევისთვის, მაინც გააზრებადი იყო ერთპოლარულ სამყაროში, სადაც ამერიკა უპირობოდ მოიაზრებოდა სუბიექტად. მაგრამ მრავალპოლარულ სამყაროში, სადაც შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს ნებისმიერ პარტნიორთან კომუნიკაციისთვის, ეს მიდგომა აბსურდულია. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ისეთ რამეს აკეთებს, რაც ამერიკას არ მოსწონს — მაგალითად, გამოხატოს ურყევი ნება და არ ისურვოს რუსეთის შემოჭრა საკუთარ ტერიტორიაზე — დაუყოვნებლივ მიიღებს შეტყობინებას, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვაშინგტონისთვის მოსაწონ შიდა პოლიტიკას ახორციელებს. მრავალპოლარულობა მოითხოვს მოქნილობას; შეერთებულმა შტატებმა აღარ უნდა ჩაიკეტოს თავი იმ ჩარჩოში, სადაც მისაღები ქვეყნები მხოლოდ პროგრესული დემოკრატიები იქნებიან.
დანარჩენი ორი პოლუსია რუსეთი და ჩინეთი. ისინი არ გასცემენ მსგავს სავალდებულოდ გასათვალისწინებელ ქადაგებებს. ამ მიდგომამ მათ სარგებელი უხვად მოუტანა. რუსეთმა აფრიკაში ჩაანაცვლა საფრანგეთი, რომელმაც თავისი ბოლო სამხედრო ბაზა მიატოვა ცენტრალურ აფრიკაში და ამით საუკუნოვანი კოლონიური ურთიერთობა დაასრულა. ჩინეთი აშკარად ყველასთან ვაჭრობს, რის შედეგადაც შექმნილია გლობალური მასშტაბის ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ რომელზეც შეერთებული შტატები ახლა იწყებს ჭმუნვას და ფიქრს, თუ როგორ დაუპირისპირდეს მას. ამ მცდელობებს მნიშვნელოვნად შეეზღუდება შესაძლებლობა, თუ ყოველი დიპლომატიური ინიციატივის უკან დემოკრატიის ხელშეწყობის საფრთხე იდგება.
არც ის არის ცხადი, თუ რატომაა ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის თვისებრივად ცუდი ის, რომ თბილისში ხელისუფლება გარკვეულწილად მეგობრულია რუსეთთან: საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ამერიკის ინტერესების სფეროსგან შორს მდებარეობს, არ ფლობს მნიშვნელოვან წიაღისეულ რესურსს და იქ რუსეთს აშკარად უფრო მნიშვნელოვანი წონა აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატებს. შეიძლება ვისურვოთ, რომ ქართველი ხალხი იყოს რაც შეიძლება თავისუფალი, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამერიკის ვალდებულებაა ამის უზრუნველყოფა. თან, რუსეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ნიშნავს ანტიამერიკულობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ უკმაყოფილება გამოხატა არასამთავრობო ორგანიზაციების ამერიკული დაფინანსების გამო, ეს არ ნიშნავს რომ ისინი ამერიკას ან ტრამპს ეწინააღმდეგებიან.
არ არის ასევე ცხადი, რატომ უნდა აინტერესებდეს შეერთებულ შტატებს საქართველოს არჩევნების თავისუფლების ხარისხი (თუმცა აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა). ტრამპის ადმინისტრაცია აზიაში გაჭიანურებული გადატრიალების დასასრულისკენ მიიწევს და ნუთუ კავკასიის არჩევნებზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ამერიკის ინტერესშია? ირონიული იქნებოდა, შეერთებული შტატები კრიტიკას გამოხატავდეს საქართველოს არჩევნების გამო, მაშინ როდესაც დასავლეთი კავშირს ამყარებს აზერბაიჯანთან — აგრეთვე კავკასიურ ქვეყანასთან, რომელიც, საქართველოსგან განსხვავებით, სინამდვილეში დიქტატურაა.
ლიბერალურ-დემოკრატიული საქართველო ამერიკის ინტერესებში რომც იყოს, მიზეზი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ „მეგობარი აქტი“ უფრო თავისუფალს გახდის ქვეყანას. მთავრობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდება რუსეთს და ჩინეთს, ვიდრე დაშორდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის მაისში ღია წერილით მიმართა აშშ პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსს, სადაც თხოვნა იკითხებოდა ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გადახედვაზე; იქვე იყო კითხვა, რატომ არის ისევ ძალაში ბაიდენის სანქციები. მიუხედავად იმისა, რომ წერილი, შესაძლოა, ცოტა ნაადრევი იყო, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია სულ რაღაც ხუთი თვეა, ხელისუფლებაშია, შეერთებული შტატები მაინც უნდა გამოეხმაუროს მის თხოვნას ურთიერთობების განახლების შესახებ.
კანონპროექტის სათაურში გამოყენებულია ქართული სიტყვა - მეგობარი. თუ აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებს ან ტრამპის ადმინისტრაციას მართლაც სურთ, იყვნენ საქართველოს მეგობრები, ისინი ამ საკანონმდებლო ინიციატივას უნდა ეწინააღმდეგებოდნენ".