პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო, ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება.
შალვა პაპუაშვილი წერს, რომ აქამდე ბევრი ფაქტი იყო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების მონაწილეობის, რაც აღარ უნდა განმეორდეს.
შალვა პაპუაშვილისგან განსხვავებით, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ელჩებისა და დიპლომატების მხრიდან საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის შემთხვევები არ უნახავთ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ელჩების მხრიდან იყო შეხსენება, რომ ქვეყანამ დაიცვას გარკვეული ნორმები, თუ კი მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
"არანაირი დიპლომატების ჩარევა არ მინახავს. მინახავს შეხსენება იმ ნორმებისა და სტანდარტების, რომელიც საქართველომ უნდა დაიცვას, თუკი სურს, რომ კანდიდატის მაგიერ, რომელიც შეიძლება უსასრულო ფორმალობად დარჩეს, დიდი ხნის განმავლობაში, გახდეს ევროპული კავშირის წევრი", - გრიგოლ გეგელიამ.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ოპონენტებზე ანგარიშსწორების შეწყვეტისკენ მოწოდება საარჩევნო კამპანიაში ჩარევა არ არის.
"თუკი ისინი ჩარევას ეძახიან იმას, რომ მოგვიწოდებენ ქვეყანაში იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არჩევნები არ ყალბდებოდეს, პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობდეს და პოლიტიკური ოპონენტების ოფისების რბევით და თავის დალეწვით არ იყვნენ დაკავებულები - არ მგონია, რომ ეს ჩარევა იყოს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.