ამერიკის შეერთებული შტატები ახალი სავიზო პროგრამის ფარგლებში ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 5, 10 და 15 ათას დოლარამდე წინასწარ დეპოზიტს მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი შტატების სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
სია არ გამოუქვეყნებიათ, თუ ვისზე გავრცელდება ახალი მოთხოვნა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ ან შემოწმების პროცესი არასრულყოფილია. ასევე პროგრამა საგარეო პოლიტიკის ფაქტორებიდან გამომდინარეც იმოქმედებს.
ახალი სავიზო პროგრამა 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შტატებში ვიზიტით მყოფ პირებს დეპოზიტის თანხა სრულად დაუბრუნდებათ, თუ ისინი ქვეყანას ვიზით გათვალისწინებულ ვადაში დატოვებენ.