21 აგვისტო 2026,   08:33
ვრცლად
მამუკა ხაზარაძის ოჯახი გერმანიის ელჩთან გაფორმებულ ხელშეკრულებას არ ასაჯაროებს, თუმცა საკითხის მოკვლევა შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო

მამუკა ხაზარაძის ოჯახი გერმანიის ელჩთან გაფორმებულ ხელშეკრულებას არ ასაჯაროებს, თუმცა საკითხის მოკვლევა შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველადი ანალიზით გამოვლენილია შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა.

საკითხს დღეს, წერილობით, მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან გამოეხმაურა. "ლელოს" ლიდერი აღიარებს, რომ ქონების გაქირავებიდან მიღებულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადს წლების განმავლობაში არ იხდიდა, თუმცა ფაქტს მხოლოდ გაუგებრობას უწოდებს. იქვე, იმასაც წერს, რომ ბიუჯეტის დავალიანება უკვე გაისტუმრეს.

თბილისი, ყავლაშვილის ქუჩა ნომერი 14 - ეს ის მისამართია, სადაც ამჟამად გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ცხოვრობს. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული შპს "ხაზარაძე ჰოლდინგიც". ძვირადღირებული უძრავი ქონება 2022 წლიდან მამუკა ხაზარაძის მეუღლის სახელზეა გაფორმებული.

ელჩთან კომერციული ურთიერთობა მისაღები არ არის “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისთვის. საქმეში პრობლემას ვერ ხედავენ გიორგი გახარიას პარტიაში.

შემოსავლების დაფარვა და პოლიტიკური კორუფცია - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძის სახლის დაქირავება “ქართულ ოცნებას“ უმყარებს ეჭვს, რომ გერმანიის ელჩი დიპლომატიურ ნეიტრალიტეტს არღვევს და ოპოზიციის სასარგებლოდ პოზიციონირებს.

მამუკა ხაზარაძის ოჯახს ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი 2022 წლის ოქტომბრიდან, ანუ სახლის გაქირავების მომენტიდან უნდა გადაეხადა. კანონმდებლობით, თუ გადაუხდელი საშემოსავლო გადასახადი 100 000 ლარს აღემატება, საქმეში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთვება. 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები