ახალი მოთხოვნა და ვალდებულება, რომელიც უკრაინამ ევროკავშირთან დაახლოებისთვის უნდა შეასრულოს - სტოკჰოლმი კიევისგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს. შვედეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისი მთავრობა ომში მყოფი ქვეყნის ნაბიჯებს ყურადღებით აკვირდება.
ის, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, კანდიდატ ქვეყანას პირდაპირ სთხოვს, "ქართული ოცნების" თქმით, ევრობიუროკრატებმა არაპირდაპირი გზით უკვე მოითხოვეს საქართველოსგანაც. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს ეწინააღდმეგება.
პირდაპირი ტექსტი შვედეთის პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, როდესაც დაწერა, რომ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მსგავსი მოთხოვნა ევრობიუროკრატებს საქართველოსთანაც აქვთ, თუმცა არაპირდაპირი გზით. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები, რომლის გაუქმებასაც ბრიუსელი ითხოვს, მათ შორის, სწორედ ერთნაირსქესიანთა ქორწინების პრევენციას ემსახურება.
უკრაინა დღეს ფრონტის ხაზზე ლიბერალური ღირებულებების დასაცავადაც იბრძვის - დაწერა ულფ კრისტერსონმა. შვედეთის პრიერ-მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ლგბტქი თემის წარმომადგებლებს და ვეტერანებს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.
ამ განცხადების მიუხედავად, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ერთნაისქესიანთა ქორწინების დაკანონებას უკრაინას არავინ ავალდებულებს და ეს საფრთხე დღის წესრიგში არც საქართველოსთან დაკავშირებით დგას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ომში მყოფ ქვეყანას დღეს მსგავს საკითხებზე მითითების ნაცვლად, თანადგომა სჭირდება.
ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს ეწინააღდმეგება, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეც საუბრობს. როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შვედეთმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა განმარტოს.
დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, შვედეთის პრემიერის განცხადება მიუთითებს ევრობიუროკრატების მხარდაჭერილ პროპაგანდასა და გლობალური ძალების ინტერესებზე, რაც პიროვნული იდენტობის დაკარგვას უკავშირდება. პრემიერი განმარტავს, რომ სწორედ პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე მიიღეს საქართველოში კანონი, რომლის დაკნინებასაც "ქართული ოცნების" ოპონენტები ცდილობენ.
აქვს თუ არა შვედეთს უკრაინასთან ერთად მსგავსი მოთხოვნა ევროკავშირის კანდიდატის სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ? - ამ კითხვით შვედეთის საელჩოს "კურიერმა" ოფიციალურად მიმართა თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.