შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას საქართველოში პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. საუბარია განცხადებაზე, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა: "უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა." ულფ კრისტერსონმა ლგბტქ - თემის წარმომადგენლებს და ვეტერანებს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. თქვა, რომ შვედეთი ყურადღებით დააკვირდება უკრაინის მხრიდან ამ ვალდებულების შესრულებას.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნებში არასდროს ყოფილა მსგავსი საკითხი და მსგავსი მოთხოვნა არც არასდროს იქნება დაყენებული საქართველოსთან მიმართებაში.
"ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნებში არასდროს ყოფილა მსგავსი საკითხი. ძალიან ბევრი ქვეყანა არის ევროკავშირში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არსებობს, არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არიან ევროკავშირის წევრები.
საქართველოს მიმართ არასდროს არ იქნება მსგავსი მოთხოვნა დაყენებული და არასდროს იქნება მსგავსი მოთხოვნა დაყენებული უკრაინის მიმართ, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თამარ კეკენაძემ.
ამასთან, ოპოზიციის შეფასებით, ეს საკითხი ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში არ დგას.
"უკრაინაში რაც ხდება ამ მოქმედებების დროს, მთავარია, რომ ყველა ვიყოთ სოლიდარულები, მათ შორის, ევროპელი პარტნიორებიც. სხვა ტექნიკურ დეტალებზე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მას შემდეგ, რაც ეს ბარბაროსული აგრესია იქნება მოგერიებული.
ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დგას საქართველოსთან დაკავშირებით, მით უმეტეს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მათ შორის, ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ასეთი რამის დაკანონება - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.