20 აგვისტო 2026,   01:11
ვრცლად
"შვედეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინას რა წარმატება ექნება, რა სისხლი დაღვარა, რა მტკივნეული გზა გაიარა. აუცილებელი პირობა ყოფილა ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული" - ირაკლი ქადაგიშვილი

"შვედეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინას რა წარმატება ექნება, რა სისხლი დაღვარა, რა მტკივნეული გზა გაიარა. აუცილებელი პირობა ყოფილა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც ულფ კრისტერსონმა, თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ "უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა".

"როდესაც ჩვენი ე.წ. ლიბერალები ნიშნის მოგებით ლაპარაკობდნენ, "ევროპა გვთხოვს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ?" და "რატომ მიიღეთ კანონი ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით?" - ეს არის ბუნებრივი პასუხი.

საქართველოსთან შანტაჟის პოლიტიკისთვის გამოიყენეს ოჯახური ფასეულობის კანონის გაუქმების მოთხოვნა. ფაქტობრივად, ეს მოთხოვნა დამდგარია საქართველოს მიმართაც. რომ არ ჰქონდეთ ლგბტ თემის, ქორწინების, გამრუდებული ოჯახების შექმნის მიზანი, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ადამიანის ფუნდამენტური უფლების და ოჯახის კანონის დაცვის წინააღმდეგ. უბრალოდ უკრაინის მიმართ ეს მოთხოვნა პირდაპირი ტექსტით იქნა გაჟღერებული," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საუბარია განცხადებაზე, რომელიც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა: "უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა." ულფ კრისტერსონმა ლგბტქ - თემის წარმომადგენლებს და ვეტერანებს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. თქვა, რომ შვედეთი ყურადღებით დააკვირდება უკრაინის მხრიდან ამ ვალდებულების შესრულებას.

დღის ამბები